სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ წყლებში ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

Hwasong-17-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ჩრდილოეთ კორეის აღლუმზე

ჩრდილოეთ კორეამ მცირე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ წყლებში გაისროლა. ინფორმაციას სამხრეთ კორეელი სამხედროები ავრცელებენ. 

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის (JCS) ინფორმაციით, რაკეტები გაისროლეს ჩრდილოეთ ჰვანჰაეს პროვინციიდან დილის 7:47 საათზე და გაფრინდნენ დაახლოებით 370 კილომეტრზე.

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების განმეორებითი გაშვება მტკიცედ დაგმო და პროვოკაცია უწოდა, რომელიც, მათივე თქმით, არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.

"ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ჩრდილოეთ კორეის სხვადასხვა ქმედებას და შევინარჩუნებთ მტკიცე მზადყოფნას, რომელიც დაფუძნებულია ნებისმიერ პროვოკაციაზე აბსოლუტური პასუხის გაცემის შესაძლებლობაზე". - ნათქვამია JCS-ის განცხადებაში.

16 მარტს, დილის საათებში კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის ზღვაში ჩრდილოეთ კორეის მიერ გასროლილი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. აღნიშნული ინციდენტი სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერების მნიშვნელოვანი სამიტის წინ მოხდა, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეკავების გზების განხილვაა.

13 მარტს, აშშ-სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნების დაწყებამდე ჩრდილოეთ კორეამ 12 მარტს წყალქვეშა ნავიდან ორი სტრატეგიული ("სტრატეგიული" ჩვეულებრივ გამოიყენება იარაღის აღსაწერად, რომელსაც აქვს ბირთვული შესაძლებლობები) ფრთოსანი რაკეტა გამოცადა. ინფორმაცია კორეის სამთავრობო არხმა KCNA-მ გაავრცელა.

13 მარტს სამხრეთ კორეისა და ამერიკის ჯარებმა დაიწყეს ერთობლივი 11-დღიანი წვრთნები, სახელწოდებით "თავისუფლების ფარი 23", რომელიც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება.

ჩრდილოეთ კორეა წვრთნებს შეჭრის რეპეტიციად მიიჩნევს. ამასთანავე, გასულ წელს მან ჩაატარა რეკორდული რაოდენობის სარაკეტო ტესტები და წვრთნები, რაც, მისი თქმით, არის ბირთვული შემაკავებელი ძალის გაძლიერებისა და მეტი იარაღის მზადყოფნაში მოყვანის მცდელობა.

კომენტარები