ღარიბაშვილი პარლამენტში

სამადაშვილი პრემიერს: სამარცხვინო ადამიანი ხარ და გამოსვლები უნდა დაიწყო ასე – mea culpa

როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს ხანდახან სწორ დროს, ასევე დღეს ამ კაცმა, რომელსაც ამ ქვეყნის სამარცხვინოდ ჰქვია პრემიერმინისტრი, ერთი სწორი რამ თქვა, რომ ქვეყნის მტრობაა ევროპული დღის წესრიგისთვის ხელის შეშლა და ეს თუ ასეა, თქვენ რატომ გქვიათ ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი, უმრავლესობაში რატომ სხედან ეს ხალხი? იმიტომ, რომ თქვენი დამსახურებით და ქვეყნის მტრობით ამ ქვეყანას დღეს არ აქვს კანდიდატის სტატუსი. ეს თუ სწორია, დღეს აქ, ამ დარბაზში რატომ არ მოხვედით დიდი ნაცრის ყუთით, რატომ არ წაიყარეთ თავზე ნაცარი და რატომ არ დაურიგეთ თქვენს უმრავლესობას აქ, დარბაზში და mea culpa-თი რატომ არ დაიწყეთ გამოსვლა - სამჯერ უნდა დაიძახოთ mea culpa, დამნაშავე ვარ-ს ნიშნავს ლათინურად. 

დამნაშავე ხართ თქვენ, პატონო პრემიერო, იმაში, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა, იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსზე არ იქნებოდა საუბარი რუსეთის დავალება რომ ბოლომდე მიგეყვანათ და მიგეღოთ რუსული კანონი, თქვენ უწოდეთ სატანისტები. დამნაშავე ხართ! 

დამნაშავე ხართ უკრაინის წინაშე, იმიტომ, რომ აქ ვერ გაბედავდი დგომას და საუბარს კანდიდატის სტატუსზე, დღეს რომ უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ, მათ შორის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. დამნაშავე ვარ და მაპატიეთო, უნდა გეთქვა უკრაინელებისთვის, რუსების მიერ მოკლული, გაუპატიურებული უკრაინელი ბავშვებისთვის, აქ რომ სამარცხვინოდ გამოდიხარ და საუბრობ ნიშნისმოგებით, რომ უკრაინაში თურმე რა დღეში არიან და თურმე ვიღაცას უკრაინიზაცია უნდა ჩვენი ქვეყნის. 

სამარცხვინო ადამიანი ხარ და უნდა დაიწყო ყველა გამოსვლა - დამნაშავე ვარ, mea culpa, mea culpa, mea culpa! ბოდიში უნდა მოუხადო საკუთარ ოჯახს და საკუთარ შვილებს, იმიტომ, რომ გიწევს ამ სირცხვილით ცხოვრება, ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით. 

მიმართავს დეპუტატი სალომე სამადაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში. 

კომენტარები