შსს განცხადება

შსს: მართლწესრიგის ოფიცრები ბაგების სტუდქალაქში გეგმურ სამუშაოებს ახორციელებდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაგების საერთო საცხოვრებელში მართლწესრიგის ოფიცრების შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 14,15,16 მარტს სტუდქალაქში, ოფიცრების შესვლის ერთადერთი მიზეზი ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და სისტემატიზაცია იყო, რაც გეგმური სამუშაოს ნაწილია.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს. უწყების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია მართლწესრიგის ოფიცრის როლი, რომლის კომპეტენციაში არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად შედის ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება; მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში არიან თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან და ახორციელებენ ინფორმაციის შეგროვებას, სისტემატიზაციას და პირველად დამუშავებას. სწორედ აღნიშნული უფლება-მოვალეობების განხორციელების მიზნით, მიმდინარე წლის 14, 15, 16 მარტს მართლწესრიგის ოფიცრები ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმყოფებოდნენ და გეგმურ საქმიანობას აწარმოებდნენ." - ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამავდროულად, შსს მოქალაქეებს, სტუდენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან."

განცხადებაში წერია, რომ ვიზიტის განხორციელებისას მოსახლეობას მართლწესრიგის ოფიცრებთან არანაირი პრეტენზია არ გამოუხატავთ.

"სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და რეგიონის წარმომადგენლები ცხოვრობენ. საერთო ჯამში ტერიტორიაზე დაახლოებით 1500 ადამიანია დასახლებული, რომელთა შორის მხოლოდ 20% -ია სტუდენტი. გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ვიზიტის განხორციელებისას, მართლწესრიგის ოფიცრებთან კომუნიკაციის დროს, ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე სახის პროტესტი არ გამოუხატავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს ყველა პირს, ახალგაზრდულ მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა ინტერესის გამო თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისა და პოლიციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან." - წერს შსს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში 14, 15 და 16 მარტს შევიდნენ. ამ ფაქტმა სტუდენტების შეშფოთება გამოიწვია, მათი განცხადებით, მართლწესრიგის ოფიცრების ვიზიტი სტუდქალაქში მარტის აქციებს უკავშირდება, რომელშიც ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ, ხოლო ეს ქმედება შსს-მ იმისთვის განახორციელა, რომ  შემდგომში სტუდენტური საცხოვრებლით სტუდენტებზე მანიპულირება მოეხდინა და რეპრესიების ახალი ტალღა დაეწყო.

კომენტარები