ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო პროტესტის წარმატებისთვის აუცილებელ ხედვას აქვეყნებს

ევროპული საქართველო პროტესტის წარმატებისთვის აუცილებელ  ხედვას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“რა მინიმალური წესები უნდა დავიცვათ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო ჯგუფებმა იმისათვის, რომ ჩვენმა პროტესტმა ძალა შეიძინოს და რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლის შანსი გაიზარდოს.

—————

1. სწორად ვმართოთ მოლოდინები

გავზომოთ ჩვენი შესაძლებლობები და არ შევუქმნათ ხალხს ფუჭი იმედები. მათი გაცრუება პროტესტის გაფართოებას შეაფერხებს - ბრძოლის მოტივაციას შეასუსტებს ხალხში.

ამიტომ, არ გამოვაცხადოთ ულტიმატუმები, ბოლო ვადები, გადამწყვეტი აქციები - ვისაუბროთ იმ დათქმით, რომ ხანგრძლივ პროცესში ვართ და ნებისყოფა გვჭირდება.

2. ვიყოთ თანმიმდევრულები, გვქონდეს მკაფიო გზავნილები

ივანიშვილის რეჟიმი და ევროპული მომავალი შეუთავსებელია.

რეჟიმის ცვლილების გარეშე რეალური წინსვლა გამორიცხულია. ტაქტიკურად უკან რომც დაიხიოს რომელიმე, თუნდაც ამ კანონის საკითხზე, ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის - რეჟიმი დასავლეთთან დაპირისპირებულს, იზოლირებულს და შედეგად, დაუცველს გვტოვებს რუსეთის პირისპირ.

ამოცანა არის რეჟიმის ცვლილება და არა ამ ამოცანის გვერდის ავლით ილუზორული პროცესების შექმნა, ხალხის შეცდომაში შეყვანა და დაბნევა, თითქოს რაღაც ალტერნატიულ გზას ვთავაზობთ.

მკაფიო და თანმიმდევრული გზავნილის გარეშე გაგვიჭირდება დაპირისპირება რეჟიმის პროპაგანდის ნიაღვართან და ხალხის დარწმუნება გართულდება.

3. არ ვითანამშრომლოთ რეჟიმთან

არ დაგვიჯერებენ, რომ მართლები ვართ საფრთხის წარმოჩენაში, თუ ხალხს პროტესტისკენ მოვუწოდებთ, ხოლო თავად, რეჟიმთან დიალოგის ფარსში ვმონაწილეობთ.

ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომ დეპოლარიზაციის დღის წესრიგი ამ რეჟიმთან თვისობრივად შეუთავსებელია და კონტრპროდუქტიულია ქართული დემოკრატიის ამოცანებისთვის.

რეჟიმს უნდა ვესაუბროთ ძალაუფლების გადაბარების დროს. მანამდე, უნდა ვიმუშაოთ ხალხთან იმისთვის, რომ ნდობა აღვძრათ, მორალური უპირატესობა მოვიპოვოთ და დიდი უმრავლესობა დავარწმუნოთ ცვლილებების აუცილებლობაში.

"ამ მინიმალური წესების დაცვის გარეშე პროტესტის გაძლიერება გართულდება და რეჟიმის ცვლილებამდე მისვლა გაგვიჭირდება" - აცხადებს ევროპული საქართველო.

კომენტარები