ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 5 მარტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ, სავარაუდოდ, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან ძალების შეზღუდული რაოდენობით, ტაქტიკური გაყვანა და პოზიციების მდინარე ბახმუტის აღმოსავლეთით გადატანა დაიწყო.
მიუხედავად ამისა, ISW-ის ცნობით, ბახმუტში უკრაინა კვლავ ინარჩუნებს პოზიციებს და იმაზე დაზუსტებით საუბარი, დატოვებენ თუ არა სამხედროები ქალაქს, ჯერჯერობით ნაადრევია.
ISW-ი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბახმუტის დაცვას სტრატეგიულად გამართლებულს უწოდებს, ვინაიდან უკრაინა, თავად გაცილებით ნაკლები დანაკარგებით, რუსეთის ცოცხალ ძალასა და შეიარაღებას დიდ ზიანს აყენებს.
ISW-ის პროგნოზით, უკრაინელები ქალაქს ეტაპობრივად დატოვებენ და ბრძოლისას რუსული ძალების გამოფიტვას შეეცდებიან.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.





