იაპონია

იაპონიაში აღმოაჩინეს, რომ 7 000-ით მეტი კუნძული აქვთ, ვიდრე აქამდე იცოდნენ

რუკის შედგენის ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით, იაპონიაში აღმოაჩინეს, აქამდე ცნობილ რიცხვზე 7 000-ით მეტი კუნძული აქვთ.

ციფრულ აღრიცხვაზე იაპონიის გეოსივრცითი ინფორმაციის სამმართველო მუშაობდა. იაპონიის სანაპირო გვარდიის 1987 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ტერიტორია 6 852 კუნძულისგან შედგებოდა. ეს რაოდენობა ოფიციალურად გამოიყენებოდა. ახალი კვლევა კი აჩვენებს, რომ კუნძულების რაოდენობა 14 125 არის.

გეოსივრცითი ინფორმაციის სამსახურმა ხაზი გაუსვა, რომ კვლევა იაპონიის ტერიტორიის ფარგლებს არ გაცილებია და აქამდე გამოყენებულ ფართობს შეესაბამება. მათ აღნიშნეს, რომ ახალი კუნძულების აღმოჩენა გამოყენებულ ტექნოლოგიას უკავშირდება.

რადგან არ არსებობს კუნძულების დათვლის საერთაშორისო შეთანხმება, ორგანიზაციამ აღსაწერად გამოიყენა იგივე კრიტერიუმები, რომლებიც 35 წლის წინ გამოიყენეს. შესაბამისად, კუნძულად ჩათვალეს წყალში მდებარე ყველა ბუნებრივი ტერიტორია, რომლის შემოწერილობაც, სულ მცირე, 100 მეტრი იქნებოდა. 

აღსანიშნავია, რომ იაპონიას რამდენიმე სადავო კუნძული გააჩნია. სამხრეთ კურილის კუნძულები, რომლებსაც ტოკიო ჩრდილოეთის ტერიტორიებს უწოდებს, მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა სამხედროების მიერ ამ მიწების დაკავების შემდეგ, რუსეთსა და იაპონიას შორის სადავოა.

ამას გარდა, იაპონია ისტორიულ საფუძველზე პრეტენზიას აცხადებს დაუსახლებელ სენკაკუს კუნძულებზე, რომლებიც აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში მდებარეობენ. ამჟამად, ეს ტერიტორია იაპონიის კონტროლქვეშაა, თუმცა მათზე პრეტენზიას ჩინეთი აცხადებს.

ასევე, იაპონიასა და სამხრეთ კორეას აქვთ დავა კუნძულზე, რომელსაც სეული დოკდოს, ტოკიო კი ტაკეშიმას უწოდებს. უთანხმოება 70 წელზე მეტ ხანს გრძელდება. კუნძული მდებარეობს იაპონიის ზღვაში, რომელსაც კორეა აღმოსავლეთის ზღვას უწოდებს.

კომენტარები