კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ

შეშფოთებული ვართ განხილვით, უკან გადადგმული ნაბიჯია – NATO "აგენტების" კანონზე

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი [NATO] ივანიშვილის დეპუტატების მიერ  უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ დარეგისტრირებულ კანონპროექტს ეხმაურება - განცხადებაში, რომლითაც ალიანსმა ტელეკომპანია ფორმულას კითხვას უპასუხა, ვკითხულობთ, რომ NATO შეშფოთებულია კანონპროექტის განხილვით და აღნიშნული კანონმდებლობა უკან გადადგმული ნაბიჯია. 

"NATO შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვით. მრავალი წელია, მოკავშირეები და საქართველოს მთავრობა, საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კონტექსტში, განიხილავენ საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის გასაძლიერებლად, რომელიც მიზნად ისახავს, მოამზადოს საქართველო NATO-ში საბოლოო გაწევრიანებისთვის. მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად სათანადო სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების არსებობის აუცილებლობა და პოლიტიკის დებატებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა ამ კუთხით მთავარია. ამ მხრივ შემოთავაზებული კანონმდებლობა წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს". - ვკითხულობთ ფორმულას მიერ გავრცელებულ განცახდებაში. [ფორმულას თარგმანი]. 

ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება. ქართული ოცნება აპირებს, პირველი მოსმენით მხარი ორივე კანონპროექტს დაუჭიროს, შემდეგ კი ისინი ვენეციის კომისიაში გაგზავნოს

კომენტარები