ირანი

"სკოლის მოსწავლე გოგოებზე შურისძიება სურთ" – ირანში მოწამვლის შემთხვევებს იძიებენ

ირანში ადასტურებენ, რომ იძიებენ რამდენიმე სკოლის მოსწავლის გოგოს მოწამვლის საქმეს, რაც ახალგაზრდა ქალების პროტესტში ჩართვისთვის "შურისძიებად" განიხილება.

"[ქალაქ] ყუმში რამდენიმე მოსწავლის მოწამვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ადამიანს სურს ყველა სკოლის, განსაკუთრებით ქალთა სასწავლებლის, დახურვა". - თქვა განათლების მინისტრმა, იუნეს პანაჰიმ.

Guardian-თან ანონიმურობის დაცვით, ექიმმა განმარტა, რომ ხელმისაწვდომი მონაცემებით, მოწამლულ მოსწავლეს აღენიშნება ძლიერი ოფლიანობა, ჭარბი ნერწყვდენა, ღებინება, ნაწლავის ჰიპერმობილურობა და დიარეა, რაც, დიდი ალბათობით, ორგანოფოსფატურმა ნივთიერებამ გამოიწვია.

ამავე ექიმმა განმარტა, რომ მოტივი მისი აზრით "პროტესტის მონაწილეების შეშინება იყო - ექსტრემისტული ჯგუფების [რადიკალური ისლამისტების] გამოყენებით".

აღნიშნული შემთხვევების გამო ყუმში 250 მოსწავლიდან მხოლოდ 50 ესწრებოდა გაკვეთილებს. გასულ კვირას მშობლებმა მოწამვლების სერია გუბერნატორის ოფისთან გააპროტესტეს და რამდენიმე სკოლა გამოძიების გამო დაიხურა.

"მე ამას ბიოლოგიურ ტერორიზმს ვუწოდებ და ის უნდა გამოიძიოს გაერომ. ჩვენ გვჭირდება გარე ორგანიზაცია, რათა რაც შეიძლება მალე გამოიძიოს საქმე". - თქვა ირანელმა უფლებადამცველმა, მასიჰ ალინეჯადმა. 

კომენტარები