რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შმიგალი: რუსებთან შერიგება და თანამშრომლობა მომდევნო ასი წლის განმავლობაში არ განიხილება

უკრაინის მთავრობის მეთაურმა, დენის შმიგალმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინისა და რუსეთის საზოგადოებასთან კომუნიკაციის შანსებზე ისაუბრა.

გერმანულ გამოცემა Focus-თან ინტერვიუში შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინელები მსგავსი სცენარისთვის [ურთიერთობის აღდგენისთვის] ასი წლის შემდეგაც არ იქნებიან მზად, რადგან ამისთვის რუსები შინაგანად უნდა შეიცვალონ.

"შერიგება, თანამშრომლობა - არა, მომდევნო ას წელიწადში არა. რუსეთი უპირველეს ყოვლისა უნდა შეიცვალოს, იყოს დემოკრატიზებული, დემილიტარიზებული და დენუკლეარიზებული." - თქვა მან.

შმიგალმა ასევე ისაუბრა ერთადერთ კომპრომისზე, რომლისთვისაც რუსეთთან ომში უკრაინის მთავრობა არის მზად - ეს არის უკრაინის 1991 წლისთვის არსებული საზღვრებიდან მტრის ჯარების ბოლომდე გაყვანა. მან აღნიშნა, რომ ამისთვის ოკუპანტის ჯარებმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ სროლა და აგრესია უნდა შეწყვიტონ .

"უკრაინა არ წავა არანაირ კომპრომისზე მის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ჩვენი ათასობით საუკეთესო ადამიანი არ დაღუპულა იმისთვის, რომ ჩვენ ვეძებოთ კომპრომისი სისხლიან ტერორისტთან და აგრესორთან, რომელიც აშანტაჟებს მთელ მსოფლიოს." - თქვა შმიგალმა.

ამასთან, უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელმა სისხლისღვრის შეჩერების შესაძლებლობა უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის კონფლიქტის “გაყინვით” გამორიცხა. მას მიაჩნია, რომ ეს აგრესორს სარგებელს მოუტანს და კიდევ ერთი, კიდევ უფრო დიდი ომის პროვოცირებას გამოიწვევს, რაც უკრაინისთვის მიუღებელია.

კომენტარები