დნესტრისპირეთ

ზელენსკი: შესაძლოა, რუსეთი თავს დაესხას სხვა ევროპულ ქვეყანას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი გააგრძელებს დნესტრისპირეთზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და ამასთან არ გამორიცხავს, რომ პუტინი თავს დაესხას სხვა ევროპულ ქვეყანას. ამის შესახებ ზელენსკიმ ომის წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციაზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, დიახ, მე მჯერა, რომ ეს [რუსეთის თავდასხმა სხვა ქვეყანაზე] შესაძლებელია. ეს შეიძლება მოხდეს. შემიძლია ავხსნა რატომ. პრეზიდენტ პუტინს სურს მიღწევები და გამარჯვებები. უკრაინაში არ იქნება წინსვლა ბრძოლის ველზე, არ იქნება მასობრივი დაბრუნება. სულ მცირე, ვიბრძოლებთ და თუ იქნება [იარაღის] მარაგი, უფრო ძლიერები ვიქნებით”. - თქვა ზელენსკიმ. 

ამასთანავე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შესაძლებელია პუტინს სურდეს გამარჯვების მოპოვება იქ, სადაც არსებობს სისუსტე, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსკოვს საბჭოთა პერიოდში გავლენა ჰქონდა.

"…სადაც არის გარკვეული პრობლემები, გარკვეული კონფლიქტები, ცალკეული ინსტიტუტები. ეს არის ის, რაც ხდება. და ეს არის მოლდოვა. თქვენ იცით მოლდოვის მაგალითი". - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

მოლდოვაში ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნის შემდეგ კრემლმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და მოლდოვას შორის ურთიერთობა დაძაბულია, რადგან მოლდოვა რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დნესტრისპირეთის რეგიონმა ახალი სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. 

ესკალაცია დნესტრისპირეთში გამოიწვია პროვოკაციულმა თავდასხმებმა, რომელთა უკანაც რუსეთის ფედერაცია უნდა იდგეს. არსებობს საფრთხე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონსაც შეეხოს და გაყინული კონფლიქტი კვლავ გადაიზარდოს კიშინიოვისა და მარიონეტული ტირასპოლის შეიარაღებულ დაპირისპირებაში.

მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიის გარშემო კითხვის ნიშნები გააჩინა ბრიტანეთის დაზვერვის მიერ 10 აპრილს გავრცელებულმა ინფორმაციამაც, რომლის მიხედვითაც რუსეთი დნესტრისპირეთში უკრაინაში წასაყვანი მებრძოლების რეკრუტირებას ცდილობდა. აქამდე, რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის გენერალურმა შტაბმა რუსეთის ფედერაცია გააფრთხილა, რომ თუ სამხედრო თვითმფრინავებით ჯარის დნესტრისპირეთში გადასხმას ეცდებოდნენ, მათ ჩამოაგდებდნენ. ამ ყველაფერს მოჰყვა უკრაინის დაზვერვის 11 აპრილის ცნობა, რომლის მიხედვითაც რუსეთი დნესტრისპირეთში პროვოკაციებს, შემდეგ კი მათი კიევისთვის დაბრალებას აპირებდა.


სეპარატიზმი მოლდოვაში

1990-იან წლებში, მოლდოვაში, როგორც ბევრ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, თავი იჩინა მწვავე გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა. ქვეყანაში სეპარატიზმის კერები საბჭოთა კავშირის დანგრევამდე არსებობდა. მოლდოვის აღმოსავლეთში სხვადსხვა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობდნენ, ძირითადად რუსები, უკრაინელები და გაგაუზები – ეთნიკური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც ძირითადად მართლმადიდებლები არიან, ლინგვისტურად კი თურქულ ენებს ენათესავებიან. პარალელურად, მიხაილ გორბაჩოვის პერესტროიკისა და გლასნოსტის რეფორმებმა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებში ნაციონალისტური სენტიმენტების გაღვივებას ხელი შეუწყო, ამ გრძნობების მოზღვავებამ კი, უკვე 1990-იან წლებში გარკვეულ ეთნიკურ უმცირესობებში შიშები გააჩინა, რაც შემდეგში კრემლმა საკუთარ გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია.

კომენტარები