NATO

ბორის ჯონსონი NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას გეგმავს

ბორის ჯონსონი მადრიდის სამიტზე

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ მან ეროვნული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.

"NATO-ს გენერალური მდივნობა? ეს შესანიშნავი იდეაა. იცით, ეს მართლაც ძალიან კარგი იდეაა. მსურს ხაზგასმით ვთქვა, რომ ასეთი გეგმა არსებობს. არავის დაავიწყდეს, რომ ასეთი კანდიდატი [NATO-ს გენერალური მდივნობის] რეზერვში არსებობს. ამჯერად, ვფიქრობ გამიმართლებს". - თქვა ჯონსონმა.

ამასთან, ჯონსონი გამოეხმაურა იტალიის ექსპრემიერის, მარიო დრაგის მოსაზრებას, რომელმაც თქვა, რომ ალიანსის მომდევნო მდივანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი უნდა იყოს.

"სრულებით არ ვეთანხმები. ვფიქრობ, რომ არსებობენ სხვა კანდიდატები ევროკავშირის საზღვრებს მიღმა. არ არის აუცილებელი, რომ [კანდიდატი] ევროკავშირიდან იყოს. ეს [NATO-ს გენერალური მდივნის პოსტი] ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი თანამდებობაა". - თქვა ჯონსონმა.

გარდა ამისა, ჯონსონმა აღნიშნა, რომ NATO ახლა იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე როდესმე ყოფილა და კიდევ უფრო ძლიერი გახდება, როდესაც შვედეთი და ფინეთი შეუერთდებიან.

"ამის შემდეგ კი ძალიან ცხადად ჩანს უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა. ეს უნდა მოხდეს, ეს აშკარაა. ბუტინმა გაანადგურა ყველა არგუმენტი, რაც უკრაინის ალიანსში მიღების წინააღმდეგ არსებობდა. ახლა ეს არგუმენტები გამქრალია". - თქვა ჯონსონმა.

NATO-ს ამჟამინდელი გენერალურმა მდივანმა, ნორვეგიელმა იენს სტოლტენბერგმა თანამდებობა 2014 წლის ოქტომბერში დაიკავა. 2022 წელს სტოლტენბერგი დაკავებული პოსტის დატოვებას და ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას გეგმავდა, თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, თანამდებობაზე დარჩენა 2023 წლის 30 სექტემბრამდე გადაწყვიტა.

კომენტარები