მოლდოვა-რუსეთი

პუტინის გაუქმებული 2012 წლის განკარგულება დნესტრისპირეთში მოლდოვის სუვერენიტეტს აღიარებდა

ვლადიმირ პუტინი, 2022 წლის 21 დეკემბერი, თავდაცვის სამინისტროს სხდომა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ "რუსეთის საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ" 2012 წლის განკარგულების გაუქმებით, ირღვევა ბრძანება, რომელიც დნესტრისპირეთის რეგიონის საკითხზე მოლდოვის სუვერენობის აღიარებას ითვალისწინებდა. ინფორმაცია რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პუტინის გადაწყვეტილება საერთაშორისო ურთიერთობებში არსებითი ცვლილებების პირობებში რუსეთის ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფას ემსახურება.

დნესტრისპირეთის რეგიონის ირგვლივ უსაფრთხოების ზონაში მოლდოვის ერთობლივი საკონტროლო კომისიის თავმჯდომარის, ალექსანდრუ ფლენცჰეას თქმით, პუტინის გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ის მოლდოვის სუვერენობას უარყოფს.

"მოლდოვასა და რუსეთს პოლიტიკური შეთანხმება აქვთ, რომელიც ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემას ითვალისწინებს". - თქვა ალექსანდრუ ფლენცჰეამ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში. 

გასულ კვირას ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნის შემდეგ კრემლმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და მოლდოვას შორის ურთიერთობა დაძაბულია, რადგან მოლდოვა რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დნესტრისპირეთის რეგიონმა ახალი სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. 

ესკალაცია დნესტრისპირეთში გამოიწვია პროვოკაციულმა თავდასხმებმა, რომელთა უკანაც რუსეთის ფედერაცია უნდა იდგეს. არსებობს საფრთხე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონსაც შეეხოს და გაყინული კონფლიქტი კვლავ გადაიზარდოს კიშინიოვისა და მარიონეტული ტირასპოლის შეიარაღებულ დაპირისპირებაში.

მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიის გარშემო კითხვის ნიშნები გააჩინა ბრიტანეთის დაზვერვის მიერ 10 აპრილს გავრცელებულმა ინფორმაციამაც, რომლის მიხედვითაც რუსეთი დნესტრისპირეთში უკრაინაში წასაყვანი მებრძოლების რეკრუტირებას ცდილობდა. აქამდე, რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის გენერალურმა შტაბმა რუსეთის ფედერაცია გააფრთხილა, რომ თუ სამხედრო თვითმფრინავებით ჯარის დნესტრისპირეთში გადასხმას ეცდებოდნენ, მათ ჩამოაგდებდნენ. ამ ყველაფერს მოჰყვა უკრაინის დაზვერვის 11 აპრილის ცნობა, რომლის მიხედვითაც რუსეთი დნესტრისპირეთში პროვოკაციებს, შემდეგ კი მათი კიევისთვის დაბრალებას აპირებდა.


სეპარატიზმი მოლდოვაში

1990-იან წლებში, მოლდოვაში, როგორც ბევრ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, თავი იჩინა მწვავე გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა. ქვეყანაში სეპარატიზმის კერები საბჭოთა კავშირის დანგრევამდე არსებობდა. მოლდოვის აღმოსავლეთში სხვადსხვა ეთნიკური ჯგუფები ცხოვრობდნენ, ძირითადად რუსები, უკრაინელები და გაგაუზები – ეთნიკური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც ძირითადად მართლმადიდებლები არიან, ლინგვისტურად კი თურქულ ენებს ენათესავებიან. პარალელურად, მიხაილ გორბაჩოვის პერესტროიკისა და გლასნოსტის რეფორმებმა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებში ნაციონალისტური სენტიმენტების გაღვივებას ხელი შეუწყო, ამ გრძნობების მოზღვავებამ კი, უკვე 1990-იან წლებში გარკვეულ ეთნიკურ უმცირესობებში შიშები გააჩინა, რაც შემდეგში კრემლმა საკუთარ გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია.

კომენტარები