რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩარლზ III უკრაინელ ახალწვეულებს ესტუმრა, რომლებიც ბრიტანეთში სამხედრო წვრთნებს გადიან

The Telegraph

დიდი ბრიტანეთის მეფე, ჩარლზ III უკრაინელ სამხედრო ახალწვეულებს ესტუმრა, რომლებიც უილთშირში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს

სამხედრო წვრთნების ფარგლებში 5 კვირის განმავლობაში უკრაინელი ჯარისკაცები საბაზისო საბრძოლო მომზადებას გადიან. 

ჩარლზი გენერალური შტაბის უფროს გენერალ სერ პატრიკ სანდერსთან ერთად, ასევე შეხვდა სხვა საერთაშორისო სამხედრო პერსონალს, რომლებიც უკრაინელ სამხედროებთან წვრთნებში მონაწილეობენ. 

დიდი ბრიტანეთის მეფე შეხვდა ინსტრუქტორებს ირლანდიური გვარდიის პირველი ბატალიონიდან, დიდი ბრიტანეთის რეინჯერთა პოლკიდან, ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ლიტვიდან, ნორვეგიიდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან, შვედეთიდან და ფინეთიდან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანულმა ძალებმა უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა გასული წლის ივნისში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ოთხ თვეში დაიწყეს.

გასული 6 თვის განმავლობაში პროგრამამ 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი უკვე მოამზადა, ხოლო წლის ბოლომდე დამატებით 20 000-ის გაწვრთნას ისახავს მიზნად. 

ახალწვეულებს, რომლებსაც აქვთ მცირე ან საერთოდ არ აქვთ სამხედრო გამოცდილება, წვრთნიან ისეთ საბრძოლო მასალის გამოყენებაში, როგორიცაა Javelin-ები და ამასთან იღებენ ცოდნას სხვადასხვა ტიპის რუსული სამხედრო მანქანების შესახებ.

კომენტარები