ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: მე მოწადინებული ვარ, რომ ყველა ჩატეხილი ხიდი აღდგეს – მათ შორის, პარტიის შიგნით

ნიკა მელია
REUTERS/Zurab Tsertsvadze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრისა და პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ახლა აუცილებელია, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხის გარშემო საზოგადოებაში კონსოლიდაცია მოხდეს. მელია ამბობს, რომ ის მოწადინებულია, რომ ჩატეხილი ხიდები, მათ შორის, პარტის შიგნით აღდგეს.

"ვხედავთ, რომ მთელი საერთაშორისო პოლიტიკური საზოგადოება, განსაკუთრებით კი ევროპული პოლიტიკური საზოგადოება მიხეილ სააკაშვილისა და ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხთან დაკავშირებით, კონსოლიდირებულია. ვფიქრობ, ახლა ქვეყნის შიგნითაც იგივე გვმართებს, იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა დამაზიანებელი პროცესი წარიმართა, რამაც, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში აქტიური სოლიდარობა მოარღვია. ქვეყნის შიგნით ვითარებას ვგულისხმობ. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, მე მოწადინებული ვარ, რომ ყველა ჩატეხილი ხიდი აღდგეს და ჩვენ ამ ბეწვის ხიდზე ერთსულოვნად და ერთიანად გადავიაროთ [...] ქვეყნის შიგნით ჩვენ გაცილებით მაღალი ხარისხის კონსოლიდაცია გვჭირდებოდა და ამის ნაცვლად, დაქსაქსული ნაციონალური მოძრაობა მივიღეთ, რომელსაც, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ აღდგეს [...] ჯერჯერობით, ქვეყნის შიგნით, საზოგადოებაში ის აქტიურობა არ არის, რომელსაც ვისურვებდით [...] ვფიქრობ, ახლა ყველაფერი გვერდზე უნდა გადავდოთ და ჩატეხილი ხიდები, მათ შორის, პირველ რიგში ენმ-ს შიგნით, უნდა აღვადგინოთ". - თქვა ნიკა მელიამ კანცელარიასთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ჟურნალისტებთან საუბარში.

რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინიციატივით, 20 თებერვალს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მსოფლიოსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

კომენტარები