ირანი

UK-ში ჟურნალისტების მიმართ მუქარის გამო ირანულმა სატელევიზიო ქსელმა საქმიანობა შეაჩერა

დამოუკიდებელი სატელევიზიო ქსელი, Iran International დიდ ბრიტანეთში, ლონდონში მყოფი ჟურნალისტების მიმართ მუქარის გამო საქმიანობას აჩერებს.

სპარსულენოვან ტელეარხზე ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია "ირანის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი საფრთხეების მნიშვნელოვანი ესკალაციის გამო".

"მუქარა იქამდე გაიზარდა, რომ იგრძნობოდა, არხის პერსონალის დაცვა შესაძლებელი აღარ იყო". - ნათქვამია განცხადებაში.

ნოემბერში, არხის ორ ბრიტანელ-ირანელ ჟურნალისტს პოლიციამ შეატყობინა, რომ შესაძლოა, მათ სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა. შეიარაღებული პოლიცია არხის სტუდიებთან ახლოს იდგა და, ამასთანავე, შენობის შიგნით ბეტონის ბარიერები იყო განთავსებული.

ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ თქვა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 15 შეთქმულება ჩაიშალა, რომელიც ბრიტანეთში მცხოვრები იმ ადამიანების გატაცებას ან მოკვლას გულისხმობდა, რომლებიც ირანის რეჟიმის მტრებად აღიქმებიან.

“არ მჯერა, რომ საქმე აქამდე მივიდა [...] 

მოდით ცხადად შევხედოთ, ეს საფრთხეს არ წარმოადგენს მხოლოდ ჩვენი ტელევიზიისთვის, არამედ მთელი ბრიტანეთის  საზოგადოებისთვის“. - თქვა ქსელის გენერალურმა მენეჯერმა, მაჰმუდ ენაათმა.

Iran International ირანში ბოლოდროინდელი ანტისამთავრობო საპროტესტო ტალღის შესახებ  ახალი ამბების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიმწოდებელი იყო.


ირანში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ის მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა.

ბოლო ოთხი ათწლეულის მსგავსად, ხელისუფლებამ 2022 წლის სექტემბერში დაწყებული საპროტესტო აქციები სასტიკად დაარბია - ათობით ადამიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და რამდენიმე ადამიანი ჩამოახრჩო, რაც უფლებადამცველების თქმით, ხალხის დაშინებას ისახავს მიზნად, რათა საპროტესტო აქციების ტალღა შემცირდეს.

კომენტარები