ფინეთი

"ჩვენ გვირჩევნია და გვინდა NATO-ში შვედეთთან ერთად გაწევრიანება" – სანა მარინი 

ფინეთის პრემიერმინისტრი, სანა მარინი
BBC

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა აღნიშნა, რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანებას  შვედეთთან ერთად ისახავს მიზნად.

კონფერენციაზე მარინს ჰკითხეს, თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, სურდა თუ არა მის მთავრობას შვედეთთან ერთად NATO-ში გაწევრიანება.  

”ჩვენ გავგზავნეთ ძალიან მკაფიო გზავნილი. ჩვენ გვინდა შვედეთთან ერთად, ერთსა და იმავე დროს [NATO-ში] გაწევრიანება. ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ კარგი მეზობლები და პარტნიორები, ეს ასევე ეხება უსაფრთხოების ძალიან კონკრეტულ საკითხებს." - აღნიშნა მარინმა კონფერენციის ფარგლებში,  პანელზე "გეოპოლიტიკური ევროპის დაბადება".

მისივე თქმით, როგორც ფინეთისა და შვედეთის, ისე NATO-ს სტრატეგიულ ინტერესებშია, ალიანსის წევრები ეს ორი სკანდინავიური ქვეყანა გახდეს. 

”რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია გავლენა ვიქონიოთ იმაზე, თუ როგორ მოახდენს ზოგიერთი ქვეყანა რატიფიცირებას: ეს მათი გადაწყვეტილებაა. მაგრამ ჩვენი გზავნილია ის, რომ მზად ვართ შევუერთდეთ, გვირჩევნია და გვინდა ერთად გაწევრიანება". - აღნიშნა ფინეთის პრემიერმინისტრმა. 

ამასთანავე, მარინმა თქვა, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა, აშკარა გახდა, რომ რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანებას შეეცდებოდა. 

"[...]რადგან ეს არის ხაზი - ერთადერთი ხაზი, რომელსაც რუსეთი არ გადაკვეთს". - თქვა მარინმა.

კომენტარები