მეუფე ნიკოლოზი გელათზე: პასუხისმგებლობა თეა წულუკიანსაც ეკისრება

პალიტრანიუსი/კადრი ვიდეოდან

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა გელათის ტაძართან დაკავშირებით ისაუბრა. მეუფე ამბობს, რომ გელათის ტაძარში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანსაც ეკისრება.

"გელათი არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილი. თუ თანხმობაზეა საუბარი, ჩვენ არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით, რომ გელათს რაიმე საფრთხე დაემუქროს. არავის წინაშე უკან არ დავიხევთ [...] ადამიანებს შენჯღრევა თუ შეჯანჯღარება სჭირდებათ, იმიტომ, რომ კომისიამ შეცდომები არ უნდა დაუშვას და თუ დაუშვეს, რაღაცნაირად უნდა მოვუწოდოთ, რომ აღარ დაუშვან [...] იცით რა, თეა წულუკიანი მინისტრია და შესაბამისად, პასუხისმგებლობა ეკისრება [...] მე ასე პირდაპირ არ მგონია, თეა წულუკიანს რაიმე ბრალი წავუყენოთ იმაზე, რომ უნდა, რომ გელათი დაზიანდეს. არამგონია". - თქვა მეუფე ნიკოლოზმა TV პირველთან საუბარში.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გელათის ტაძართან და მასზე მომუშავე ჯგუფთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამინდელი კრიზისი 2015-19 წლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგია. საპატრიარქო ხაზს უსვამს, რომ მაშინ ტაძარი არასწორი მეთოდოლოგიითა და უხარისხო მასალით გადახურეს, რასაც შემდეგში შენობაში წყლის ჩადინება მოჰყვა.

განცხადებაში მკაფიოდ წერია, რომ საპატრიარქოსთვის გაუგებარია "კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება".

განცხადება მდგომარეობას კრიტიკულს უწოდებს და ხაზს უსვამს მომუშავე ჯგუფის უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით ჩანაცვლების აუცილებლობას.


31 იანვარს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა დასკვნა გელათის მოხატული ტაძრების კონსერვაციის პრობლემებზე. 

დასკვნაში ნათქვამია, რომ სამონასტრო კომპლექსში სამუშაოები არასრულფასოვნად მიმდინარეობს და მისი მართვის ხარისხი თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან შორს არის. 

"გადაწყვეტილებებისა და შეფასების პროცესიდან სამეცნიერო კომპონენტის გათიშვა, ერთიანი გეგმის, ვითარების გააზრების და მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე, მწირი კვლევითი და საანგარიშო დოკუმენტაციით წარმართული ფიზიკური სამუშაოები ცხადად აჩვენებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის "გელათის მონასტერი" მართვის ხარისხი შორს არის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან". – წერია დასკვნაში.

დასკვნაში ასევე ხაზგასმულია იმ შეცდომებზე, რომლებმაც მონასტრის მოხატულობის დაზიანების პროცესს ხელი შეუწყო. 

"მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მხატვრობის არასწორი კონსერვაცია, რომელსაც მოხატულობის დაზიანების პროცესის აქტივიზაცია მოყვა და თვითნებური ტონირება-რესტავრაცია, რომელიც მხატვრობის ავთენტურობის დარღვევას წარმოადგენს, სცილდება პროფესიულ ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ნორმებს". – ვკითხულობთ დასკვნაში.

კომენტარები