კახა კალაძე

კალაძე: თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ მოგვცემენ

ეს არის იმ თამაშისა და შანტაჟის ნაწილი, რასაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ და მას ხედავს საზოგადოებაც. საქართველოს ხელისუფლება ითამაშებს ქართული წესებით, გამოვა ქვეყნის ინტერესებიდან და გამოვა ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან.

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ამ რთულ გზაზე. თუმცა, თუ  მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ.

მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის დადგმული სპექტაკლი მიხეილ სააკაშვილის  "შემოტანით“ საქართველოში.  ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხდარიყო დაპირისპირება, გადატრიალება. ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის მისაღები იმიტომ, რომ არ ერთვება ომში, აკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ინტერესებს ეხება.

თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ""ჩვენ გზავნილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, ქართული ოცნებისთვის - ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს, თუ ჩვენი წესებით არ ითამაშებთ". კუბილიუსის თქმით, თუ ხელისუფლება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ იგივე დამოკიდებულებას გააგრძელებს, მათთვის აშკარა იქნება, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს.

ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ვერსია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს.

კომენტარები