იაპონია

იაპონია აშშ-სგან Tomahawk-ის რაკეტების შეძენას გეგმავს

Tomahawk-ის რაკეტის გაშვება

იაპონია აშშ-სგან Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების დიდი პარტიის შეძენას აპირებს. ამის შესახებ იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, იასუკაძუ ჰამადამ ისაუბრა. 

იაპონიას კონტრაქტის გაფორმება რაკეტების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიასთან, Raytheon Technologies Corp-თან სურს მომდევნო ფისკალურ წელს, რომელიც 2023 წლის 1-ელი აპრილიდან იწყება. 

იაპონიის თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც გასული წელს გამოყოფილ თანხებს დაახლოებით 25%-ით აღემატება და $1.6 მილიარდს უტოლდება, ტოკიოსთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი სამხედრო დანახარჯი იქნება.

როგორც იაპონური მედია წერს, ტოკიო Tomahawk-ის 500-მდე რაკეტას იყიდის. ამ საბრძოლო მასალის რადიუსი დაახლოებით 1 600 კილომეტრია.

იაპონიას ფრთოსანი რაკეტები, რომელთა გაშვებაც გემიდან იქნება შესაძლებელი, პოტენციური მოწინააღმდეგეების, მათ შორის ჩინეთის შეკავებისთვის სჭირდება. მათი მეშვეობით ტოკიოს ექნება საკმარისი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩინეთში მდებარე სამიზნეებს მისწვდეს.

ამას გარდა, ტოკიოს საკუთარი ახალი თავდაცვის ბიუჯეტით შორი მანძილის ბალისტიკური ჰიპერბგერითი რაკეტების შემუშავება სურს. იაპონიის თავდაცვის პოლიტიკაში არსებული ცვლილებები უკრაინის ომს და ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის მზარდ აგრესიულ ქმედებებს უკავშირდება.

ინფორმაცია, რომ იაპონიას Tomahawk-ების შეძენა სურდა, აქამდეც ცნობილი იყო. თებერვლის დასაწყისში ტოკიოსა და აშშ-ს "სტრატეგიული პასუხით" დაემუქრა ჩინეთი, თუ ვაშინგტონი იაპონიაში საშუალო მანძილის რაკეტების განთავსებას დათანხმდებოდა. 

ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იაპონიას ემუქრებიან, რომ მათ საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოების, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტების განთავსებას საპასუხო შედეგები მოჰყვება.

კომენტარები