ევანგელისტური ეკლესია

ევანგელისტური ეკლესია სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მცდელობაზე საუბრობს

კადრი ვიდეოდან/ევრონიუსი

ევანგელისტურმა ეკლესიამ, შესაძლოა, შემოწირულობებით აშენებული სამლოცველო დაკარგოს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე პასტორმა ზაალ ტყეშელაშვილმა ისაუბრა, აშშ-ს მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკი, რომელიც ეკლესიის სახელით შემოწირულობებს აგროვებდა, თანხის, $90 000-ის უკან დაბრუნებას ითხოვს. სააპელაციომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ევანგელისტურ ეკლესიაში ეჭვი აქვთ, რომ დავის უკან, შესაძლოა, რელიგიათა სახელმწიფო სააგენტო იდგეს. 

მანამ, სანამ 16 წლის განმავლობაში შეგროვებული შემოწირულობებით მიწას იყიდნენ და სამლოცველოს ააშენებდნენ, მრევლი პასტორ ზაალ ტყეშელაშვილის ბინაში იკრიბებოდა, რომელიც მსახურების ჩასატარებლად შესაბამისი არ იყო. მიწის ნაკვეთი ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენლებმა 2012 წელს შეიძინეს - დანაზოგითა და პასტორის მიერ აღებული სესხით. მრევლი სამლოცველოს 5 წლის განმავლობაში აშენებდა, ასევე, ნაყიდ მიწაზე ააშენეს მცირე ზომის დამხმარე შენობაც. როგორც პასტორი ყვება, მშენებლობის პროცესში გაიცნო ბიუნგ ჩან პარკი, რომელმაც თავი მისიონერად წარუდგინა და შემოწირულობების შეგროვებაში იღებდა მონაწილეობას. 

"სრულიად მოულოდნელად ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა პიროვნებამ, რომელმაც თავის დროზე თავი წარგვიდგინა, როგორც ამერიკელმა მისიონერმა და მშენებლობის დასრულების პროცესში ჩვენი სახელით შესაწირავებს კრებდა ამერიკისა და კორეის ეკლესიებში, განგვიცხადა, რომ ჩვენ არ ვითვლებოდით ეკლესიად და არ ვიყავით ლეგიტიმური, იმ მიზეზით, რომ არ გვქონდა სახელმწიფოსაგან ოფიციალური დოკუმენტაცია - კერძოდ, არ ვიყავით რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, როგორც რელიგიური ორგანიზაცია. ამიტომ, მან მოითხოვა, რომ მთელი საეკლესიო ქონება გადასულიყო მის საკუთრებაში ფულადი სახით. 

რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი და უცნაური მოთხოვნა იყო და არ დავთანხმდით. შესაბამისად, დაიწყო ჩემი და ეკლესიის წინააღმდეგ სასამართლო დავა. სასამართლოში შევიდა სარჩელი ჩვენ წინააღმდეგ და რომ ვერაფერი კომპრომატი იპოვეს, სარჩელს დაურთეს ორი ბუნებაში არარსებული, ყალბი დავალების ხელშეკრულება ყალბი ნოტარიუსის ბეჭდებით". - ამბობს პასტორი. 

ეკლესიამ დანაშაულის შესახებ პროკურატურას აცნობა, თუმცა, მათი ინფორმაციით, უწყებას არავითარი რეაგირება არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ეკლესიაში ამბობენ, რომ მათვის სრულიად მოულოდნელი იყო სააპელაციოს გადაწყვეტილება - სასამართლომ ეკლესიას დააკისრა, გადაიხადოს, დააბრუნოს ის შემოწირულობა, რომლითაც სამლოცველო სახლი ააშენეს.  

"ფალსიფიცირებული დავალების ხელშეკრულებები, ის, რომ პროკურატურა საეჭვოდ დუმს, ეკლესიისათვის დაჟინებული მოთხოვნა, რომ მან მიიღოს სახელმწიფო რეგისტრაცია, ჩვენ გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ჩვენ წინაღმდეგ წარმოეული კამპანიის უკან დგანან ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც სურთ, რომ შეზღუდონ ჩვენი ეკლესიის თავისუფლება, გააკონტროლონ და რაღაც არტახებში მოაქციონ ის" . - ამბობს ის. 

კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები, პასტორი ზაალ ტყეშელაშვილი პასუხობს, რომ, შესაძლოა, ეს იყოს რელიგიათა სახელმწიფო სააგენტო ან მასთან აფილირებული პირები.  

ევანგელისტურმა ეკლესიამ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, მათი თქმით, თუ სამლოცველო სახლს წაართმევენ, ჩათვლიან, რომ სახელმწიფო საბჭოური მეთოდებით, "შეკერილი საქმეებით" ცდილობს ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, რწმენისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.  

"ეკლესია არის შეკრული. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის და გვჯერა, რომ დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

მე არაერთხელ გამომიხატავს პოზიცია, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობებისადმი არ არის ჯანსაღი - მე ხშირად მითქვამს საჯაროდ, რომ სახელმწიფოსა და ერთ-ერთი დომინანტი რელიგიის ურთიერთობები არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის განვითარებას და რელიგიის თავისუფლებას. სააგენტო არის სახელმწიფო სტრუქტურა, შესაძლებელია, ისიც იყოს ამ მიზანმიმართულ ქმედებებში თანამონაწილე. პირდაპირი მტკიცებულებები არ გვაქვს, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი". - ამბობს ის.  

ისევე, როგორც ზაალ ტყეშელაშვილს, ადვოკატ შოთა თუთბერიძესაც აქვს ეჭვი, რომ ამ სამართლებრივი პროცესის უკან, შესაძლებელია, იდგეს სახელმწიფოს ინტერესი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სჯერათ, უზენაესი სასამართლო საქმეს საფუძვლიანად განიხილავს, არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, საკუთარი უფლებების დაცვა საერთაშორისო სასამართლოებში მოუხდეთ.  

"ჩემთვის მთელი სამართალწარმოების განმავლობაში ნათელი იყო ის დამოკიდებულება, რომელიც სახელმწიფო შტოებს ჰქონდათ ამ ეკლესიის მიმართ, მათ შორის, სასამართლოშიც, როცა, მაგალითად, ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლება ეკლესია არსებობდეს და მას არ ჰქონდეს გუმბათი ჯვრით, არ იყოს შიგნით ფრესკა, მასში ანაფორიანი სასულიერო პირი არ ცხოვრობდეს. ეს დამოკიდებულება მთელი პროცესის განმავლობაში გასდევს წითელ ხაზად როგორც სამართალწარმოების პროცესს, ასევე, სახელმწიფოსთან ურთიერთობის პროცესს". - ამბობს ის. 

ადვოკატი აღნიშნავს, რომ თანხის დაბრუნებას არ ითხოვს პირი, ვინც ეს თანხა შესწირა. მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პასუხს არ სცემს არცერთ სამართლებრივ კითხვას, მაგალითად, კითხვას, შესაძლებელია თუ არა რომელიმე შემოწირულობის ან საჩუქრის უკან დაბრუნების მოთხოვნა. თუთბერიძის სიტყვებით, კითხვაზე სწორი სამართლებრივი პასუხი არის, რომ ამის გაკეთება არაა შესაძლებელი, თუმცა, კოლეგიამ, რომელსაც მერაბ გოგიძე თავმჯდომარეობდა, საწინააღმდეგო მიიჩნია. 

"ეს ეკლესია მთელი არსებობის მანძილზე არის ყველა რადიკალური ჯგუფის სამიზნე და მსხვერპლი. რაც მთავარია, ის არერთხელ გამხდარა, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობისა და უფლებების შელახვის ობიექტი.  

დღეს სახელმწიფო, სამწუხაროდ, რელიგიურ უმცირესობებს უყურებს არა როგორც საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილს და ღირებულებას, არამედ, როგორც საფრთხეს და ეს ნათლად არის დაფიქსირებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წლიურ ანგარიშებში - შავით თეთრზე წერია, რომ რელიგიური უმცირესობები, შესაძლოა, იყვნენ საფრთხის შემცველები". - ამბობს ადვოკატი. 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენლის, მაკო ღავთაძის თქმით, ისინი საქმეს არ უყურებენ, როგორც ფინანსურ საკითხზე დაწყებულ სამოქალაქო დავას. ღავთაძის შეფასებით, საქმე რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაში უხეში ჩარევა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ფეხქვეშ გათელვაა. 

"ეს საქმე, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია და მნიშვნელოვანია პირადად პასტორ ზაალისთვის, ევანგელისტური ეკლესიისა და მისი თითოეული წევრისთვის. ეს საქმე არის პრეცედენტი, რა რეჟიმზე გადადის სახელმწიფო და რა ელოდება ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას სახელმწიფოს მხრიდან, თუ ეს აქტი, რომლის მომსწრენიც ვართ, შედგება და ამ ეკლესიას  წაართმევენ საკუთრებას. საკუთრების წართმევა ხდება ძალიან შენიღბული და არაკეთილსინდისიერი გზებით და ცალსახად ჩანს, რომ გარდა იმისა, რომ არსებობს გარკვეული დაინტერესება, არის მცდელობა, ფინანსური თემებით შელახონ პასტორის და ეკლესიის რეპუტაცია. იმედისმომცემი და კარგია, რომ ამას ვერ მიაღწევენ, ამის მიღწევა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ეს ეკლესია არის ძალიან ერთიანი. 

შეუძლიათ, გადახედონ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ამ ეკლესიის ბრძოლის ისტორიას, როდესაც უპირისპირდებოდნენ ძალიან მძლავრ და კორუმპირებულ პოლიციურ სისტემას, როდესაც ისინი სასტიკად არბევდნენ ამ ეკლესიას, როდესაც  სასამართლოს გზით იბრძოდნენ ყველა რელიგიური გაერთიანების შეკრების თავისუფლებისთვის". - ამბობს ის.  

ღავთაძის სიტყვებით, მათ აქვთ გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ საქმის უკან, შესაძლოა, იდგეს სხვადასხვა ინტერესები - ღავთაძე აღნიშნავს, რომ პასტორს ყოველთვის გაბედული პოზიცია აქვს ადამიანის უფლებებზე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. 

"ამის დასტურად ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ე.წ. კრებსები. ვნახეთ, რა მასშტაბით, რა ფორმებით და როგორი ბინძური მეთოდებით ხდება რელიგიური ორგანიზაციებისა და ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა. თუ გავიხსენებთ, ამ კრებსების მიმართულება არის რელიგია. ჩვენ კითხვის ნიშანი აღარ გვრჩება, რა შეიძლება იყოს სახელმწიფოს სურვილი - ჩაახშოს და გააჩუმოს ნებისმიერი განსხვავებული აზრი, ნებისმიერი თავისუფალი რელიგიური ორგანიზაცია. 

რელიგიური ორგანიზაციის ავტონომიურობაში ჩარევა არის ძალიან უხეში დარღვევა და ეს პირდაპირ აისახება თითოეული მორწმუნის რწმენისა და რელიგიის თავისუფლებაზე. ამიტომ, დღეს სასამართლოს ამ უკანონო გადაწყვეტილებით, თუკი სახელმწიფოს ჩარევა არსებობს ამაში და თუნდაც დადასტურებული ფაქტით, როდესაც სასამართლომ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, დაირღვა ამ ეკლესიის თითოეული წევრის რწმენის და რელიგიის თავისუფლება. არ შეიძლება დავუშვათ და ამის აღსრულების შესაძლებლობა მიეცეს მოსარჩელეს და სხვა ძალებს, თუკი მის უკან დგანან". - ამბობს ის. 

მაკო ღავთაძის შეფასებით, თუ სასამართლო და სახელმწიფო დაადგენს, რომ შემოწირულობის მიღება არის დანაშაული, ნებისმიერ რელიგიური ორგანიზაციას, მართლმადიდებელი ეკლესიის ჩათვლით, დაემუქრება საფრთხე საეკლესიო შემოწირულობის საკითხებზე.  

"განსხვავებით ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაციისგან, ეს ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხებს არ იღებს, ეს ეკლესია არსებობს ისე, როგორც უნდა არსებობდეს ნებისმიერი ეკლესია - არსებობს მორწმუნეების შემოწირულობებით". - ამბობს მაკო ღავთაძე. 

კომენტარები