ევანგელისტური ეკლესია

TDI: სასამართლო ევანგელისტური ეკლესიისთვის სამლოცველოს წართმევას დაეთანხმა

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ცნობით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 20 ნოემბერს  დაუშვებლად ცნო ევანგელისტური ეკლესიის პასტორის, ზაალ ტყეშელაშვილის საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. TDI-ს განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შედეგი რელიგიური გაერთიანებისთვის სამლოცველო სახლის წართმევა იქნება. 

9 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ პასტორ ზაალ ტყეშელაშვილს დააკისრა, მოსარჩელეს, აშშ-ის მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკს გადაუხადოს წლების განმავლობაში მიღებული საეკლესიო შემოწირულებები, რომლებიც განკუთვნილი იყო ეკლესიის პირველი და ერთადერთი სამლოცველო სახლის მშენებლობის დასასრულებლად.

TDI-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ მოსარჩელემ, რომელიც აშშ-ის მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკია, წლების წინ ევანგელისტური ეკლესიის მრევლს და მის პასტორს, ზაალ ტყეშელაშვილს, თავი ევანგელისტ მისიონერად წარუდგინა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის მასალების დეტალური შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ მოსარჩელის ქმედება იყო არაკეთილსინდისიერი და პარკი რელიგიურ გაერთიანებებს იყენებდა საკუთარი "ბუნდოვანი" ფინანსური და ბიზნეს საქმიანობისთვის.

"ბიუნგ ჩან პარკმა სასამართლოში ყალბი ხელშეკრულებების ასლებიც წარადგინა (მან ვერ შეძლო მათი ორიგინალის წარდგენა), რომლებზეც დატანილია აშშ-ის ნოტარიუსის ბეჭედი, დოკუმენტს არ ახლავს ხელმოწერები, სანოტარო აქტი, თარიღი და სხვა აუცილებელი მონაცემები, რაც ხელშეკრულების შინაარსისა და მისი ნოტარიულად დამოწმების კანონიერებას დაადასტურებდა. უფრო მეტიც, დოკუმენტებში თავად ბიუნგ ჩან პარკის სახელიც კი არასწორად წერია და მითითებულია მისი პასპორტის ნომერი, რომელიც გაცემულია ერთი წლით გვიან, ვიდრე, თითქოსდა, ეს ხელშეკრულებები დაიდო. ევანგელისტურმა ეკლესიამ ჯერ კიდევ 2019 წელს მიმართა საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს მტკიცებულებათა შესაძლო გაყალბების ფაქტზე. გამოძიებას არ ჩაუტარებია აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები და, შესაბამისად,  მას დღემდე არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. 

ბიუნგ ჩან პარკი, ევანგელისტური ეკლესიის სახელით, წლების განმავლობაში აგროვებდა შემოწირულებებს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქრისტიანი მორწმუნეებისგან. უცნობია, რა ოდენობის თანხა დააგროვა მან ევანგელისტური ეკლესიის სახელის გამოყენებით. 2019 წელს პარკმა სარჩელი შეიტანა პასტორ ზაალ ტყეშელაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა, ევანგელისტური ეკლესიის სამლოცველო სახლის მშენებლობისათვის შეწირული თანხის დაბრუნება". - წერია TDI-ს განცხადებაში.

საქალაქო სასამართლომ მოსარჩელე პარკის 4 სასარჩელო მოთხოვნიდან არცერთი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ზაალ ტყეშელაშვილს მოსარჩელე პარკისთვის 90 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. ტყეშელაშვილმა ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

2023 წლის 20 ნოემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო ზაალ ტყეშელაშვილის საკასაციო საჩივარი. 

"საქართველოს ევანგელისტური ეკლესია და მისი პასტორები ზაალ და ნინო ტყეშელაშვილები ყოველთვის ღიად საუბრობენ უსამართლობის წინააღმდეგ და საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების, თანასწორობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე. არაერთი გარემოება მიანიშნებს, რომ ეს არის მცდელობა, საეჭვო სამოქალაქო საქმის გამოყენებით, შეილახოს პასტორის რეპუტაცია, შეიზღუდოს უსამართლობისა და თანასწორობის საკითხებზე მის მიერ აზრის გამოხატვა, ევანგელისტურმა ეკლესიამ დაკარგოს ერთადერთი სამლოცველო სახლი, ავტონომიურობა და დამოუკიდებელ ეკლესიად არსებობის შესაძლებლობა". - ნათქვამია განცხადებაში.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აცხადებს, რომ გააგრძელებს ევანგელისტური ეკლესიისა და მისი წევრების სამართლებრივ მხარდაჭერას და გამოიყენებს ყველა სამოქალაქო, სისხლისსამართლებრივ და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმს ეკლესიის წევრების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

კომენტარები