პოლარიზაცია საქართველოში

პაპუაშვილი: პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, სადაც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშის წარდგენის დროს, საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის შესახებ ისაუბრა. "პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა" - განაცხადა პაპუაშვილმა.

"ხშირად გვესმის, რომ პოლარიზაცია არის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. შესაძლოა, ეს ასეა, თუმცა, პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა. რეალობა კი ის არის, რომ პოლარიზაცია თანამედროვე პოლიტიკის ახალ ნორმად, პოლიტიკური კონკურენციის ახალ ფორმად იქცა. ეს შეგვიძლია დავინახოთ, როგორც დადებითი, ან უარყოფითი მოვლენა, მაგრამ ეს ფაქტია. ამას ბევრი გარემოება განაპირობებს, რომელიც არ არის უნიკალური საქართველოსთვის. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს გულშემატკივრობასთან ერთად, რიგ შემთხვევაში, ამ ტერმინით საქართველოს სტიგმატიზების მცდელობებიც იკითხება". - თქვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ რეალურად ქართული პოლიტიკის პრობლემა არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაციაა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი არის დერადიკალიზაცია.

"სინამდვილეში, ქართული პოლიტიკის პრობლემას არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია წარმოადგენს. ეს ის რეალური გამოწვევაა, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს - პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნებს, არ აღიარებენ დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციას და საბოლოო ჯამში, არ აღიარებენ დემოკრატიას. ამის ყველაზე კარგი მტკიცებულება ის ცარიელი სკამებია, რომლებსაც დღეს ჩვენ, ჩვენი სტუმრები და საქართველოს მოსახლეობა ამ დარბაზში ხედავს. ამ სიტუაციიდან არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი - დერადიკალიზაცია, ანუ რადიკალური ჯგუფების მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების აღიარება და რადიკალური დღის წესრიგის უარყოფა. ამის მიღწევის ერთადერთი გზა კი დემოკრატიული ჩარჩოდან გასული ჯგუფების მიმართ მტკიცე და არაორაზროვანი პოზიციის დაკავებაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს არის ერთდერთი გზა". - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს მიმართ ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრაა.

კომენტარები