ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კირთაძე: არ ვაპირებ, ვიყო იმ ორგანოს წევრი, რომლის გამჭვირვალობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი კირთაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის არ აპირებს, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი იყოს. კირთაძის თქმით, მისი დაკომპლექტების წესი, საჯაროობა და გამჭვირვალობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"პოლიტიკაში ყველა პარტიულ თანამდებობაზე მაღალი თანამდებობა თანამოქალაქეების მხარდაჭერაა, რომელსაც ფეხის  ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ, რისთვისაც თითოეულ მათგანს დიდ მადლობას ვუხდი. 5 თებერვალს, იმ ყრილობაზე, რომელზეც არავინ მიმიწვია, პოლიტსაბჭოს წევრად ამირჩიეს ისე, რომ ჩემთვის აზრი არავის უკითხავს. ბუნებრივია, არ ვაპირებ, ვიყო იმ ორგანოს წევრი, რომლის დაკომპლექტების წესი, საჯაროობა და გამჭვირვალობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას". - წერს გიორგი კირთაძე Facebook-ზე.

აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობის ახალ პოლიტსაბჭოს სიაში ვერ მოხვდა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. 

ასევე, პარტიის ახალი პოლიტიკური საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა აკაკი მინაშვილმა. მინაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ რამდენიმე ასეული წევრის მიერ დანიშნულ ერთ პოზიციაზე მყოფ კლუბად გარდასახულ "პოლიტიკური საბჭოს" ლეგიტიმაცია ნულის ტოლია.

პარტიის კიდევ ერთი წევრი, ეკა ხერხეულიძე კი ამბობს, რომ ის ვერ იქნება იქ, სადაც ბრძოლაში დაღლილი მისი მეგობრებისთვის ადგილი არ დატოვეს. ხერხეულიძე პოლიტსაბჭოს სიიდან საკუთარი თავის ამოშლას ითხოვს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-10 ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკვე ოფიციალურად აირჩიეს. ყრილობაზე ასევე აირჩიეს გენერალური მდივანი, ის კვლავ პეტრე ცისკარიშვილი გახდა. კობა ნაყოფია კი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ლევან ბეჟაშვილმა შეცვალა.

მას შემდეგ რაც არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, კობა ნაყოფიამ, გიორგი პატარაიამ, აკო მინაშვილმა და ბაჩო დოლიძემ პარტიული თანამდებობები დატოვეს. ასევე, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა გიორგი კირთაძემ. 

 

კომენტარები