უკრაინა

უკრაინის უსაფრთხოებამ ჯარის საკვებით მომარაგების სქემასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

უკრაინის უსაფრთხოების ძალები 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) გამოააშკარავა და დააკავა კომერციული საწარმოს ორი ხელმძღვანელი, რომლებიც სამხედროებს დისლოკაციის ადგილზე სურსათ-სანოვაგის საბითუმო პარტიებს აწვდიდნენ. ისინი თავდაცვის სამინისტროს მიერ გადახდილ თანხებს დანიშნულებისამებრ არ იყენებდნენ და ითვისებდნენ. ზარალი СБУ-ს ცნობით, 119.5 მილიონ გრივნას (დაახლოებით $3 მილიონი) შეადგენს.

"გამოძიების მონაცემებით, ეჭვმიტანილებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების კვებით უზრუნველყოფისთვის საქონლისა და მომსახურების მიწოდებისთვის უკრაინის თავდაცვის სამინისტროსგან გამოყოფილი თანხა მიიღეს, რომელიც გამოიყენეს არა დანიშნულებისამებრ, არამედ ჩრდილოვან, სახელმწიფოს მიერ არაკონტროლირებად ბრუნვაში ჩაუშვეს". – წერია უსაფრთხოების განცხადებაში.

ასევე, როგორც უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, საქონლის თვითღირებულების ხელოვნურად გაზრდის მიზნით, ეჭვმიტანილები საკვებს "ფიქციური საწარმოებისგან" ყიდულობდნენ. 

უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას აგრძელებს, რათა დადგინდეს საქმესთან დაკავშირებული პირები თავდაცვის სამინისტროდან.

ამას გარდა, კიევის რეგიონში ერთ-ერთი სამხედრო ნაწილი მეთაური პერსონალის საკვებისთვის გამოყოფილი თანხიდან 2.4 მილიონი გრივნის მითვისებაში ამხილეს. მან უკანონო საქმიანობაში ოთხი ხელქვეითი და ბიზნესმენი ჩართო, რომლებსაც ანგარიშში ცრუ ინფორმაცია შეჰქონდათ.


უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვიაჩესლავ შაპოვალოვი თანამდებობიდან არმიის საკვებით მომარაგების კონტრაქტის გარშემო არსებული სკანდალის ფონზე გადადგა.

შაპოვალოვი პასუხისმგებელი იყო არმიის მომარაგებაზე.

"ვიაჩესლავ შაპოვალოვმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგებაზე, მოითხოვა გათავისუფლება, რათა არ შექმნილიყო საფრთხე უკრაინის შეიარაღებული ძალების სტაბილური მომარაგებისთვის, კვებითი მომსახურების შეძენასთან დაკავშირებული ბრალდებების კამპანიის შედეგად". – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შაპოვალოვი "მაქსიმალური პასუხისმგებლობით" მუშაობდა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი კრიტიკის სამიზნეა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციასთან დაკავშირებულ გამოძიებები აქტიურ ფაზაში გადავიდა. 

თავდაცვის სამინისტროს უკავშირდება საქმე, რომლის მიხედვითაც სამხედრო საკვები რაციონები, შესაძლოა, ბაზარზე არსებულ ფასზე ძვირად გაყიდულიყო. მსგავსი შემთხვევის გამო გასულ დღეებში თითქმის დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, რომელიც კავშირში იყო ელექტრო გენერატორების ძვირად შესყიდვის საქმესთან. უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში ამბობენ, რომ ორივე საქმეს იძიებენ. ამ უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ვასილ ლოზინსკიმ კონტრაქტის გაფორმებისთვის $400 000 ოდენობის ქრთამი აიღო.

"ეს იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებების კვირა. არ მინდა მათი ახლა გამოცხადება, მაგრამ ისინი სამართლიანი იქნება. ყოველ სიტუაციაში ყველა დეტალს გავაანალიზებთ. ენერგიასთან და შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებს. კავშირს ცენტრალურ მთავრობასა და რეგიონებს შორის. ყველა შესყიდვას, რაც ჯარს უკავშირდება". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ გასულ დღეებში აღნიშნა, რომ კორუფციაში ჩართული ზოგიერთი მაღალჩინოსანი შესაძლოა დააპატიმრონ.

"24 თებერვლის შემდეგ მაღალჩინოსნებს რეგულარულად ვაფრთხილებდით ოფიციალური და არაოფიციალური გზებით: კონცენტრირდით ომზე, დაეხმარეთ მსხვერპლებს, შეამცირეთ ბიუროკრატია და შეწყვიტეთ საეჭვო საქმიანობა. ზოგმა მართლაც მოგვისმინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგმა არა. თუ ეს ცივილიზებული გზით არ გაამართლებს, მაშინ ომის დროის შესაბამისი კანონების მიხედვით მოხდება. ეს ეხება ბოლოდროინდელ გენერატორების შეძენასა და თავდაცვის სამინისტროს ახალ სკანდალსაც". – თქვა არახამიამ.

თავდაცვის შესყიდვების ამბავი უკრაინელმა ჟურნალისტმა, საგამოძიებო ვებგვერდის, НАШІ ГРОШІ-ს დამფუძნებელმა, იური ნიკოლოვმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, მას ქმედების ხილვა სურს და არა პოლიტიკოსების მორიგი დაპირებების.

€326 მილიონის ღირებულების საკვებისა და კვების კონტრაქტზე, რომელიც სკანდალის ერთ-ერთი ნაწილია, ხელი თავად თავდაცვის მინისტრს არ მოუწერია და გაფორმებული არაა. თუმცა ჟურნალისტები და დამკვირვებლები თვლიან, რომ მთავარი პასუხისმგებლობა მასზეა. საპირისპიროდ, რეზნიკოვი ბრალდებებს ეხმაურება და ამბობს: "ნულოვანი ტოლერანტობა კორუფციის მიმართ". მისი თქმით, მანიპულაციის გარდა, სხვა ფაქტები არ არსებობს და ამ ყველაფრის მიზანი თავდაცვის უწყების მიმართ ნდობის დაკარგვაა. 

"რადგან ამ ბრალდებებში არ არსებობს ფაქტები მანიპულაციების გარდა, ყველაზე ცხადი მიზანი, როგორც ჩანს, ძალიან გადამწყვეტ მომენტში თავდაცვის სამინისტროს მიმართ ნდობისთვის ძირის გამოთხრაა". – თქვა რეზნიკოვმა და სამინისტროს გამჭვირვალე მოქმედების პირობა დადო. 

"ახლა უკრაინას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ არ ვართ რუსეთივით, სადაც ფულს ყველაფერში ათეთრებენ. თუ ვიღაცას მილიონობით ევროს მოპარვა სურს ომის დროს, როცა ჩვენი ეკონომიკის 60% ევროკავშირზეა დამოკიდებული, ის უნდა შევაჩეროთ". – თქვა ნიკოლოვმა POLITICO-სთან. 

ნიკოლოვის მტკიცებით, მისმა პუბლიკაციის მეშვეობით ყურადღება მიაქციეს საეჭვო კონტრაქტს, სანამ გადახდა შესრულდებოდა. უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში ამბობენ, რომ მათ გამოძიება ნიკოლოვის სტატიის გამოქვეყნებამდე ჰქონდათ დაწყებული.

ნიკოლოვი კორუფციის საქმეებს 10 წელია რაც იკვლევს. ომის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ნიკოლოვმა მთავრობის კრიტიკა შეწყვიტა, რადგან ლიდერების მიმართ ნდობა არ დაკარგულიყო. თუმცა, როგორც POLITICO წერს, ზაფხულში ნიკოლოვის სამთავრობო წყაროებმა დაიწყეს მისი გაფრთხილება თავდაცვის უწყებაში საეჭვო შესყიდვის შესახებ. შემდეგ, დეკემბერში მისმა წყაროებმა შეიარაღებული ძალებიდან გაუგზავნეს კონტრაქტი საკვებისა და კვების მომსახურების შესახებ. POLITICO-სვე ცნობით, კონტრაქტი თავდაცვის ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიასთან იდებოდა.

კონტრაქტის მიხედვით, პოლტავის, სუმის, ჟიტომირის, ჩერნიგოვსა და ჩერკასის ოლქში განლაგებულ უკრაინულ დანაყოფებს საკვები პროდუქტი 2-3-ჯერ უფრო ძვირად უნდა მიეღოთ. როგორც POLITICO წერს, ეს დანაყოფები ფრონტის ხაზიდან შორს იმყოფებოდნენ, ამიტომ მიწოდების ხაზებზე არსებულ საფრთხეებს, შესაძლოა, შესყიდვის ფასი მართლაც გაეზარდა. თუმცა, რეზნიკოვი, რომელიც ნიკოლოვს მანიპულაციაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ, არმიის კვების თვალსაზრისით, არ არსებობს რეგიონები, რომლებიც "ფრონტის ხაზისგან შორსაა" ან "უკანაა" და ვინც ასე ამბობს, განზრახ იტყუება. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა თუ სადაა განწესებული დანაყოფი და "საკვები სამხედრო მოსამსახურეებს დაჰყვებათ".

რეზნიკოვის განმარტებით, კონტრაქტში გაწერილი გაზრდილი ფასები ტექნიკური შეცდომებია. მისი თქმით, კონტრაქტში არსებულ ტექნიკურ შეცდომებს ასწორებენ და მზადდება მომარაგების დამატებითი შეთანხმებები. თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეცდომაზე პასუხისმგებელი პირი დეკემბერში გაათავისუფლეს.

რეზნიკოვის თქმით, არმიის კვებაში მონომოპოლიის თავიდან ასარიდებლად სამინისტრომ კონტრაქტი 8 მომმარაგებელთან შეათანხმა. მისივე თქმით, კვების ხარჯები ერთი სამხედროს საშუალო კვებითი რაციონის განსაზღვრით გამოითვლება. მან ხაზი გაუსვა, რომ გასულ წელს ერთი ჯარისკაცის კვებაზე გამოყოფილი იყო დღეში 120 გრივნა, წელს კი მომმარაგებლებს შემოთავაზებები 151-162 გრივნის შუალედში ჰქონდათ, საბოლოოდ კი 145.8 გრივნაზე (დაახლოებით 10 ლარი და 40 თეთრი) შეთანხმდნენ. შესაბამისად, თითო სამხედროზე დღიური კვებითი დანახარჯი 21.5%-ითაა გაზრდილი, თუმცა რენზიკოვი ხაზს უსვამს, რომ ეს რიცხვი წლიურ ინფლაციაზე, 26.6%-ზე ნაკლებია.

თავდაცვის მინისტრის თქმით, პირმა, რომელმაც ჟურნალისტს კონტრაქტი გადასცა, დანაშაული ჩაიდინა და ამ საქმეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გამოიძიებს.

კომენტარები