ირანი

ირანში პოლიციამ ახალი რესტორანი დახურა მას შემდეგ, რაც მის გახსნაზე ქალმა იმღერა

DANIEL MIHAILESCU

ირანში, ქალაქ მაჰშაჰრში პოლიციამ ახალი რესტორანი გახსნის ცერემონიაზე ქალის სიმღერის გამო დახურა

მაჰშაჰრის პოლიციის უფროსმა, ფარშად ღაზემიმ თქვა, რომ ვიდეოს სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ღაზემიმ დაადასტურა, რომ რესტორანი იმის გამო დაიხურა, რომ გახსნაზე ქალმა იმღერა. 

ირანში ქალებს საჯაროდ სიმღერა ეკრძალებათ და ქმედება კანონით ისჯება. 

ბოლო კვირებია ვრცელდება ინფორმაცია იმაზე, რომ ირანის პოლიციამ რესტორნები, კაფეები და ზოგ შემთხვევაში აფთიაქებიც კი, ჰიჯაბის სავალდებულო წესების დაუცველობის გამო დახურა. მაგალითად, ქალაქ ამოლში აფთიაქი დახურეს მას შემდეგ, რაც მისმა მფლობელმა ქალმა ჰიჯაბის ტარებაზე უარი თქვა. 

მაზანდარანის პროვინციის მთავარმა მოსამართლემ, მოჰამად სადეგ აკბარიმ თქვა, რომ აფთიაქი "ჰიჯაბის კანონის შეუსრულებლობის გამო" დაიხურა და მესაკუთრის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

ქალების პროტესტი სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას უკავშირდება. ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის "არასწორად ტარების" გამო დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. 

კომენტარები