ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

მარინი: უკრაინა NATO-ს წევრი რომ ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა

ფინეთის პრემიერმინისტრი სანა მარინი
Dave Rowland/Getty Images

ფინეთის პრემიერმინისტრის, სანა მარინის აზრით, უკრაინა NATO-ს წევრი, რომ ყოფილიყო, ომი არ დაიწყებოდა. 

მარინის თქმით, ეს გახდა მისი ქვეყნისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მოტივაცია. 

"ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ წარსულს და თავს ვკითხოთ – უკრაინა NATO-ს წევრი უკვე უნდა ყოფილიყო? ამ შემთხვევაში, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა და ამიტომაც მოახდინეს ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება". – თქვა სანა მარინმა მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე. 

ფინეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ევროპასა და მოკავშირეებს უფრო ხისტად უნდა ემოქმედათ.

"ჩვენ ამ დღისგან უნდა ვისწავლოთ". – თქვა მარინმა 2014 წლის ყირიმის მოვლენებთან დაკავშირებით.

"ჩვენ გვინდა NATO-ს წევრი გავხდეთ, რადგან ფინეთში ომი აღარასდროს გვსურს". – აღნიშნა სანა მარინმა. 

შვედეთისა და ფინეთის NATO-ში ჰაწევრიანებისთვის საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა. თანხმობის რატიფიცირება ამ დრომდე მხოლოდ თურქეთსა და უნგრეთს არ მოუხდენიათ.

ბუდაპეშტში  განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერდნენ სამხედრო ბლოკის გაფართოებას და თანხმობას ხელს მალე მოაწერდნენ, თუმცა თურქეთისგან მსგავსი გზავნილი ამ დრომდე არ ყოფილა. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი პროცესს შვედეთის გამო აყოვნებს, რადგან ქვეყანას ქურთების დაჯგუფებებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და მათ წინააღმდეგ გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს. 

"პრობლემები არ იქნება, პირადად ველაპარაკე პრეზიდენტ ერდოღანს და ის მითხრა, რასაც საჯაროდაც ამბობს, რომ ფინეთთან დაკავშირებით დიდი პრობლემები არ არსებობს, ალბათ შვედეთთან უფრო, მაგრამ ჩვენი თვალთახედვით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ში ერთად შევიდნენ, რადგან საერთო უსაფრთხოებას ვიზიარებთ". – თქვა ფინეთის პრემიერმინისტრმა.

 

კომენტარები