აშშ-მექსიკის საზღვარი

ნიუ იორკში მიგრანტებისთვის ადგილი არ არის – ნიუ იორკის მერი

ნიუ იორკის მერი, ერიკ ადამსი ელ პასოში
REUTERS/Jose Luis Gonzalez

ნიუ იორკის მერი, ერიკ ადამსი მექსიკის სასაზღვრო ქალაქ, ელ პასოში ჩავიდა. ვიზიტისას მან მიგრაციის პრობლემაზე ისაუბრა და დასძინა, რომ ნიუ იორკში მიგრანტებისთვის ადგილი არ არის. 

ერიკ ადამსმა, რომელიც დემოკრატიული პარტიის წევრია, ბაიდენის ადმინისტრაციის მიგრანტების კრიზისისადმი მიდგომა გააკრიტიკა. მისივე თქმით, "დადგა დრო, მთავრობამ თავისი მოვალეობა შეასრულოს".  

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნიუ იორკის მერი აშშ-ს სამხრეთ საზღვარს ეწვია. 

ბოლო პერიოდში, იმ შტატებიდან, რომლის მმართველობაშიც რესპუბლიკელები არიან, მიგრანტების დიდი ნაწილი ნიუ იორკში, ჩიკაგოში და ვაშინგტონში გაგზავნეს. ამან ქალაქში უსახლკაროთა პრობლემა გაამწვავა. ერიკ ადამსის თქმით, მიგრაციის გახშირებული ნაკადი ქალაქს 2 მილიარდამდე დაუჯდება. დამატებითი ხარჯები კიდევ უფრო დააწვება ბიუჯეტის დეფიციტს. 

8 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-მექსიკის საზღვარი და დატვირთული პორტი დააათვალიერა. ორწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში რეგიონში ეს მისი პირველი ვიზიტია.

ვიზიტის მიზეზი მიგრაციული პოლიტიკაა. რესპუბლიკელები ქვეყანაში შემოსული მიგრანტების რეკორდულ რაოდენობაში ბაიდენს ადანაშაულებენ.

კომენტარები