შინძო აბეს მკვლელობაში ეჭვმიტანილს სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ბრალი წაუყენეს

CNN-ის ინფორმაციით, იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრისა და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გავლენიანი წევრის, შინძო აბეს მკვლელობაში ეჭვმიტანილს სასამართლომ ბრალი წაუყენა

42 წლის ტეცუია იამაგამის ბრალი მკვლელობასა და იარაღის ტარების წესის დარღვევისთვის წარუდგინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სასამართლომ გადაწყვეტილება 6-თვიანი ფსიქიატრიული გამოკვლევების შემდეგ მიიღო და მისი მდგომარეობა გასამართლებისთვის შესაბამისად ცნო. 

თუ იამაგამის სასამართლო დამნაშავედ ცნობს, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება

იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, 67 წლის შინძო აბე 8 ივლისის თავდასხმის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

შინძო აბეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ქალაქ ნარაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს. შემთხვევის ადგილზე გასროლის ხმა ორჯერ გაისმა. პოლიციამ ეჭვმიტანილი, 41 წლის ტეცუია იამაგამი ადგილზე დააკავა და იარაღი ჩამოართვა.

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აბეს მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებულ ეკლესიაზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.

ტეცუია იამაგამიმ გამომძიებლებს უთხრა, რომ დედამისმა რელიგიურ ჯგუფს ფული შესწირა, შემდეგ კი გაკოტრდა. 

რელიგიური ჯგუფი, რომლის წევრიც თავდამსხმელის დედაა, მსოფლიო მშვიდობისა და გაერთიანებისთვის საოჯახო ფედერაციაა, ცნობილი, როგორც გაერთიანების ეკლესია.

კიშიდამ პარტიის დეპუტატებს აგვისტოში ეკლესიასთან კავშირის გაწყვეტა უბრძანა, რადგან, მისი განმარტებით, ეს გამოძიებასთან იყო წინააღმდეგობაში. 

კომენტარები