ირანი

ირანში რეჟიმის წინააღმდეგ დემონსტრაციებში მონაწილე 2 ადამიანი ჩამოახრჩვეს

Mizan News

ირანში 7 იანვარს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის კიდევ ორი ადამიანი ჩამოახრჩვეს. ერთ-ერთი მამაკაცი ჩემპიონია კარატეში, ხოლო მეორე - მოზარდთა მწვრთნელი. 

CNN-ის ცნობით, არსებული მონაცემებით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, რეჟიმის წინააღმდეგ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, ირანში სიკვდილით 4 ადამიანი დასაჯეს. 

ირანის სასამართლოს საინფორმაციო სააგენტოს, Mizan-ის ცნობით, აღნიშნულ პირებს ბრალად 3 ნოემბერს, ქალაქ კარაჯში, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დანაყოფის, ბასიჯის წევრის მკვლელობა ედებათ. 

სიკვდილმისჯილის ადვოკატი Twitter-ზე წერს, რომ მის კლიენტს სასჯელის აღსრულებამდე ოჯახის წევრებთან გამომშვიდობების უფლება არ მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს კანონით ეკუთვნოდა. 

CNN-ის ინფორმაციით, ბოლო თვეებში ირანის სასამართლომ სიკვდილი 41 მომიტინგეს მიუსაჯა. თუმცა, სინამდვილეში, სიკვდილმისჯილთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს.  

ირანში დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის პროცესი 8 დეკემბერს დაიწყო. უფლებადამცველი ჯგუფების შეფასებით, მომიტინგეებს სიკვდილს მიკერძოებული სასამართლო პროცესების საფუძველზე უსჯიან.

კომენტარები