ივანიშვილის დეპუტატები

ივანიშვილის დეპუტატები NGO-ების ჩასახშობ რუსულ კანონპროექტს იანვარში წარადგენენ

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ივანიშვილის დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების ჩასახშობად შექმნილ რუსულ კანონპროექტს იანვარში დააინიცირებენ. დეპუტატები ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი ამერიკულ ანალოგს დაეფუძნება.

"კანონპროექტი არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. კანონპროექტში ასევე აისახება რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნულ სფეროში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი NGO-სთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად.  

შემოღებული იქნება უცხოური გავლენის აგენტის ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ. გარდა ამისა, უზრუნველყოფილ იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს". - თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ბრიფინგზე.

დეპუტატები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ მომზადებული პროექტი წვლილს შეიტანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.  

უცხო გავლენის აგენტების რეგისტრაციის კანონის მიღებისას ამერიკულ ანალოგზე აპელირებდნენ რუსეთშიც - ამტკიცებდნენ, რომ კანონი, რომელსაც კრემლი ოპონენტების დევნისთვის იყენებს, აშშ-ს კანონის მსგავსი იყო.  

კანონი რუსეთში 2012 წლის 20 ივლისს მიიღეს - ვლადიმირ პუტინის მე-3 ვადით არჩევის შემდეგ. უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონის მთავარი სამიზნე რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებია - კანონის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ინსტიტუტები და ფონდები, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, საგარეო აგენტებად არიან მიჩნეულნი.     

2012 წელს მიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია, (პოლიტიკური პარტიის გამოკლებით) მიიჩნევა უცხოურ აგენტად, თუ ის სახსრებს ან/და ქონებას იღებს სხვა სახელმწიფოსგან, საერთაშორისო ორგანიზაციისგან, სხვა ქვეყნის მოქალაქისგან და, ასევე, მონაწილეობას იღებს რუსეთში პოლიტიკურ საქმიანობაში. რუსეთში ამტკიცებენ, რომ კანონი მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას არ კრძალავს, თუმცა მოითხოვს, რომ დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ რეესტრში. ორგანიზაციებმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თანხის ხარჯვის, აუდიტისა და მენეჯმენტის შესახებ. კანონის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს აქვს უფლება, უცხოური აგენტის სტატუსის მქონე ორგანიზაციები არაგეგმიურად შეამოწმოს, ასევე, ისინი რეესტრში იძულებით დაარეგისტრიროს.

ვლადიმირ პუტინმა კანონის მიღება 2012 წლის თებერვლის საპროტესტო აქციების საპასუხოდ გადაწყვიტა - რუსეთის პრეზიდენტი აქციების წახალისებასა და დაფინანსებაში უცხო ქვეყნების მთავრობებს ადანაშაულებდა.

აშშ-სა და რუსეთის კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება, ასევე, განსხვავებულია ისიც, რომ აშშ მას გამჭვირვალობისთვის იყენებს, რუსეთი კი ანგარიშსწორების იარაღად და კრიტიკის საპასუხოდ.  


ივანიშვილის დეპუტატებმა 18 ნოემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არასამთავრობო როგანიზაციების დაფინანსების "მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში" მოქცევასთან დაკავშირებით წინადადებას მოამზადებენ. აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებზე დეპუტატებმა დაწერეს, რომ  "საკუთარი აგენტურის დაფინანსება" არავინ უნდა "დაგვამადლოს".  

განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი - მისი შეფასებით, ჯგუფი კრემლის სახელმძღვანელოს იმეორებს, როდესაც მსგავს ინიციატივებს აანონსებს.  

კომენტარები