მიხეილ სააკაშვილი

იუსტიციის სამინისტრო: დიპლომატიურ კორპუსს სააკაშვილის თაობაზე ინფორმაცია მივაწოდეთ

იუსტიციის მინისტრის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან
იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დღეს, 28 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა  ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებთან, სადაც მათი ცნობით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

"იუსტიციის სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

2022 წლის 28 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან მისი პირობების, მკურნალობისა და მის მიმართ მოპყრობის თაობაზე.

იუსტიციის სამინისტროსთვის პრიორიტეტია მაქსიმალური გამჭვირვალობა და მომავალშიც მოხდება საკითხის თაობაზე საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება". - წერს უწყება.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებამდე, კომენტარი გააკეთა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა, სადაც მან თქვა, რომ ევროკავშირის 15 წევრი ქვეყნისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელები მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდნენ.

კომენტარები