ევროკავშირის 15 წევრი ქვეყნისა და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელები მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდნენ - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროცედურები და სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი.
"აქ ვიყავით ევროკავშირის 15 წევრი ქვეყნისა და აშშ-ის წარმომადგენლები. შევხვდით იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. განვიხილეთ მიმდინარე პროცედურები და ჯანმრთელობის საკითხი, მაგრამ დეტალებში ვერ შევალ". - თქვა მან. [ტელეკომპანია ფორმულას თარგმანი].
ადვოკატები და ოჯახის წევრები სააკაშვილის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ცნობით, ექსპრეზიდენტი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო.
“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.
- "სიმპტომთა უმრავლესობა მოწამვლის შედეგია" – დევიდ სმიტის დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე
-
სააკაშვილი: ცუდად იმიტომ კი არ ვარ, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ, რომ მოწამლული ვარ
სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.