ირანი

ირანის საპროტესტო აქციაზე ბრიტანეთის მოქალაქეები დააკავეს

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ბრიტანეთთან კავშირში მყოფი შვიდი ადამიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დააკავა. მათ შორის არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოსთან დაკავშირებული მოქალაქეების დაკავება ისლამური რესპუბლიკის პროტესტის პროცესში ბრიტანეთის “დესტრუქციულ როლს” ააშკარავებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების დაკავებასთან დაკავშირებულ  დამატებით ინფორმაციას ითხოვს. ირანი კი დასავლეთის ქვეყნებს, ისრაელსა და საუდის არაბეთს ქვეყანაში არეულობის გაღვივებაში ადანაშაულებს. 

ირანში საპროტესტო გამოსვლები 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. მაჰსა ამინი ირანის მორალის პოლიციამ მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა და სამი დღის შემდეგ, 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

პირველი საპროტესტო აქცია ამინის დაკრძალვის შემდეგ ქალაქ საყეზში 17 სექტემბერს გაიმართა, სადაც ქალებმა სოლიდარობის ნიშნად თავსაბურავები მოიხსნეს და დაწვეს. სექტემბრიდან საპროტესტო აქციების ტალღა გრძელდება, დაღუპულია ასობით ადამიანი. 

საპროტესტო აქციების დაწყებიდან მალევე აშშ-მ სანქციები დაუწესა მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების სამსახურების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მიმდინარე პროტესტის ჩახშობაზე არიან პასუხისმგებელი.

კომენტარები