საქართველო-რუსეთი

რუსეთის საგარეო: არ გამოვრიცხავთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას

იუსტიციის სახლი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავენ. 

"რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივას, რუსეთი დადებითი გადაწყვეტილების მიღებას არ გამორიცხავს, როცა ამისთვის აუცილებელი წინაპირობები შეიქმნება". – ამბობს გალუზინი. 

გალუზინის თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა "ვითარდება".

"ახლაც, რთული საგარეო ვითარებისა და დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის მიუხედავად, რუსულ-ქართული თანამშრომლობა ვითარდება. მიმდინარე წლის 11 თვეში სავაჭრო ბრუნვა, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ერთნახევარჯერ გაიზარდა და 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ვაჭრობასთან ერთად იზრდება ტურიზმისა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც". – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

გალუზინის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თბილისზეა დამოკიდებული.

"რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობას, მსურს შეგახსენოთ, რომ ის თბილისის ინიციატივით 2008 წელს გაწყდა. [თბილისი] სამწუხაროდ, განაგრძობს მისი აღდგენის შესაძლებლობის უგულებელყოფას თავისი პოლიტიკური მოთხოვნებით, რომლებიც რეგიონში ახალ რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის. ამრიგად, ბურთი კვლავ ქართულ მხარესაა". – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები