რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: ვაგნერის ჯგუფი იარაღს ჩრდილოეთ კორეიდან ყიდულობს

Kevin Dietsch/Getty Images

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იარაღს ჩრდილოეთ კორეიდან ყიდულობს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა.

"ვაგნერის ჯგუფი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად იარაღის მიმწოდებლებს მსოფლიო მასშტაბით ეძებს. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაასრულა ვაგნერის ჯგუფისთვის იარაღის მიწოდების თავდაპირველი ეტაპი. გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში სარაკეტო დანადგარები და რაკეტები გაგზავნა, რომლებიც ვაგნერის ჯგუფმა გამოიყენა". - თქვა კირბიმ.

კირბის თქმით, ასეთი გარიგება, სულ მცირე, ორჯერ უკვე შედგა, თუმცა, ჩრდილოეთ კორეიდან მიღებული შეიარაღება უკრაინაში ომის დინამიკას სავარაუდოდ ვერ შეცვლის. მისი თქმით, აშშ შეშფოთებულია ამ შეიარაღების მიწოდების გაგრძელების ალბათობის გამო.

როგორც კირბი აღნიშნავს, აშშ-ს შეფასებით ვაგნერის ჯგუფს უკრაინაში დაახლოებით 50 000 მებრძოლი ჰყავს გაგზავნილი, მათ შორის 10 000-მდე კონტრაქტორი და 40 000-მდე პატიმარი რუსეთის სხვადასხვა ციხიდან.

ევროკავშირს ვაგნერის ჯგუფის წინააღმდეგ სანქციები უკვე დაწესებული აქვს. კირბის თქმით, ჯგუფის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის დაწესებისთვის აშშ-ც ემზადება.

კომენტარები