ისრაელი

ნეთანიაჰუმ New York Times-ი ისრაელის "დემონიზაციაში" დაადანაშაულა

ბენიამინ ნეთანიაჰუ
EPA

ლიკუდის ლიდერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ მას შემდეგ, რაც გამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ ისრაელის მომავალი მთავრობა ქვეყნის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, New York Times-ის „უსაფუძვლო რჩევების“ იგნორირებას გააგრძელებს.

სტატიაში, სახელწოდებით "ებრაულ სახელმწიფოში დემოკრატიის იდეალი საფრთხეშია" ავტორი ამტკიცებდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნეთანიაჰუმ არჩევნები სამართლიანად მოიგო, გადაჭარბებული ძალა, რომელსაც ის თავის ულტრამემარჯვენე და ულტრაორთოდოქსულ პარტნიორებს სთავაზობს, დემოკრატიულ ღირებულებებს რეალურ საფრთხეს შეუქმნის.  

ამის შემდეგ, ნეთანიაჰუმ Twitter-ზე New York Times-ი წლების მანძილზე "ჰოლოკოსტის თემის გამოცემის უკანა გვერდებზე დამარხვასა და ათწლეულების განმავლობაში ისრაელის დემონიზაციაში" დაადანაშაულა. მისი სიტყვებით, სამარცხვინოა, რომ ახლა NYT-ი ისრაელის არჩეული მომავალი მთავრობის ავტორიტეტის შელახვას ცდილობს. 

"მანამ, სანამ რომ NYT აგრძელებს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიისა და აშშ-ს რეგიონში საუკეთესო მოკავშირის დელეგიტიმაციას, მე გავაგრძელებ უსაფუძვლო რჩევების იგნორირებას და ამის ნაცვლად, ყურადღებას უფრო ძლიერი და განვითარებული ქვეყნის მშენებლობაზე გავამახვილებ". - წერს ნეთანიაჰუ.

ნეთანიაჰუს ბლოკმა 1-ელი ნოემბრის არჩევნებში 64 მანდატი მოიპოვა. ისრაელში 2019 წლიდან მეხუთე არჩევნები ჩატარდა. პოლიტიკოსები აქამდე მთავრობის წარმატებით ფორმირებას ვერ ახერხებდნენ. ბოლო კოალიციამ უმრავლესობა მას შემდეგ დაკარგა, რაც რამდენიმე დეპუტატმა მათი რიგები დატოვა.

13 ნოემბერს ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების მანდატი გადასცა. ამ დღიდან მოყოლებული, ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებისთვის 28 დღე აქვს და, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია დამატებითი 14 დღეც გამოიყენოს.

გასულ თვეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აშფოთებდათ ის, თუ როგორ განაწილდებიან ისრაელის ახალი მინისტრები. ისრაელის მედია, Jerusalem Post-ი გასულ კვირებში, წყაროებზე დაყრდნობით, წერდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ნეთანიაჰუს მოუწოდა, დაენიშნა ისეთი მინისტრები, რომლებთანაც მუშაობას შეძლებდნენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის მანძილზე იყო პრემიერის პოსტზე. ის ამ თანამდებობას 2009 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა და, აქამდე, ეს პოზიცია 1996-1999 წლებში ეკავა. ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრის წინააღმდეგ კორუფციასთან და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეებს იძიებენ.

კომენტარები