თავდასხმა გიორგი კირთაძეზე

ლელო: კირთაძეზე თავდასხმა ოცნების წახალისებული აგრესიული კულტურის გამოძახილია

ლელო საქართველოსთვის / Facebook

"აგრესიას, ფიზიკურ ძალადობას და სიძულვილის პოლიტიკას არ აქვს გამართლება არანაირ მოცემულობაში" - ასე ეხმაურება ლელო საქართველოსთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას.

"სამწუხაროდ, მმართველობის ათი წლის განმავლობაში, ქართული ოცნება სისტემატიურად ახალისებდა ძალადობას და სასათბურე პირობებს უქმნიდა ძალადობრივ ჯგუფებსა და კულტურას. კირთაძის მიმართ დღეს განხორციელებული სამარცხვინო თავდასხმა სწორედ მმართველი გუნდის მიერ წახალისებული აგრესიული კულტურის გამოძახილია.

ეს არის საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის დევნის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რაც გვაშორებს ცივილიზებული მსოფლიოს სტანდარტებს, აღრმავებს ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით და პირდაპირ აზიანებს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მოპოვების შანსებს.

ლელო გმობს კირთაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას და მოუწოდებს ხელისუფლებას, იმოქმედოს კანონის შესაბამისად აგრესიის ჩამდენი პირის მიმართ" - ნათქვამია განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი კირთაძესა და ფორმულას ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ჩართვისას უცნობი პირი თავს დაესხა და კვერცხები ესროლა. ამის შემდეგ კირთაძეს თავდამსხმელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, ფორმულას ჟურნალისტს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ჟურნალისტი ყვება, დაპირისპირებაში ჩაერთნენ პუტინისტური ალტ-ინფოს ოფისში მყოფი პირებიც, რომლებმაც მხარი თავდამსხმელს დაუჭირეს.

კომენტარები