კრიმინალი

საგამოძიებო: შსს-ს თანამშრომლების მხრიდან დაკავებულ მოქალაქეზე შესაძლო ძალადობას ვიძიებთ

სპეციალურ საგამოძიებო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე ირაკლი მილაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტს იძიებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

"2022 წლის 12 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ირაკლი მილაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. ამის შემდეგ კი იგი მოთავსებული იქნა შსს ქ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მან დაკავების შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით პრეტენზია დააფიქსირა.

2022 წლის 13 დეკემბერს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი დროებითი მოთავსების იზოლატორში გასაუბრების მიზნით ირაკლი მილაძეს შეხვდა, თუმცა მან ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადა". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყება სწავლობს დაკავებული მოქალაქის გადაადგილების მარშუტს, დაკავების გარემოებებს და შეისწავლის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების ამსახველ ვიდეო კამერის ჩანაწერებს.

კომენტარები