აშშ-რუსეთის პატიმრების გაცვლის პროცესი

ბოკერია ხანგოშვილის მკვლელზე: რუსეთი გაცვლის მოთხოვნით ადასტურებს მკვლელობასთან კავშირს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გაცვლის მოთხოვნით რუსეთი მკვლელობასთან კავშირს ადასტურებს. ბოკერია ამბობს, რომ ახლა  ლეგიტიმურია ქართულ ოცნებას ხელახლა ვკითხოთ, თუ რა არის მათი პოზიცია, "რატომ დუმდნენ აქამდე და რა ნაბიჯები გადადგეს ამ საკითხთან მიმართებით"

"რუსეთის ხელისუფლებამ, პუტინის რეჟიმმა პრაქტიკულად ღიად დაადასტურა მანამდე არსებული ღია ეჭვები, რომელზეც გერმანიის პროკურატურასა და სასამართლოს ჰქონდა ნამსჯელი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ღიად დაადასტურა, რომ ეს ქმედება არის მათი ჩადენილი. ისინი ითხოვენ ამ (ФСБ) -ს მკვლელის გაცვლას ამერიკის მოქალაქეში, რომელიც მათ უკვე წლებია ჰყავთ დაკავებული და რომლის გაცვლაც ვერ მოხერხდა აშშ-სთან ამ ტიპის ბოლო მოლაპარაკებებში". – თქვა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საერთაშორისო ყურადღების ფონზე საქართველოს ხელისუფლება ამას ლეგიტიმურად უნდა იყენებდეს ხანგოშვილის საკითხის წინ წამოსაწევად.

"მისი მკვლელობის მცდელობა რუსულ სამსახურებს ჯერ კიდევ 2015 წელს თბილისში ჰქონდათ, როდესაც სამარცხვინოდ საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად უარი თქვა მის დაცვაზე და შემდეგ მას მოუწია საქართველოს დატოვება. ამის შემდეგ რამდენიმე მომენტი იყო და ახლა განსაკუთრებით, საერთაშორისო ყურადღება ისეთია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ლეგიტიმურად უნდა იყენებდეს ამ საკითხის წინ წამოსაწევად. იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქის წინაშე მოიხადოს ვალი და იმისთვის, რომ ლეგიტიმურად მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას შეახსენოს საქართველოს პრობლემა ხანგოშვილის მკვლელობის ფონზე.

ამის ნაცვლად, ამ ფონზე, როგორც ამ გამოძიების დროს, ისე შემდგომში, როცა ეს საკითხი განიხილებოდა და ახლაც, ჯერჯერობით გვაქვს სრული დუმილი ამ სამარცხვინო რეჟიმისგან. იმ ფონზე, როცა ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი სამარცხვინო პოზიცია უკრაინაში ქართველი მებრძოლების თაობაზე, ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ამ ნიაღვრის დროს ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, მხოლოდ უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიმართ კი არ აქვთ მათ ასეთი მოღალატეობრივი და სამარცხვინო პოზიცია, არამედ საქართველოს უსაფრთხოების ოფიცერზეც, ვინც იცავდა საქართველოს ჩვენი მტრისგან". – თქვა ბოკერიამ.

მედიაში კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთს აშშ-სთან პატიმრების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი და CNN-ი ავრცელებენ.


ეთნიკურად ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი იყო. 

მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის თანამონაწილეა.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარში ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულად მოიხსენიებს.

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", – ნათქვამია განცხადებაში. 

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 2019 წლის 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე უფრო მეტი წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში: რუსეთის შურისძიება - ზელიმხან ხანგოშვილის ცხოვრებისა და სიკვდილის ისტორია.

კომენტარები