მიხეილ სააკაშვილი

ჯაფარიძე სააკაშვილზე: მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ!

"მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ!" - ამბობს ივანიშვილის დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.  

"სხვა პატიმრები ავადმყოფები არ არის? ვინ მოწამლა? გაჩერდი, ერთი! მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში კიდევ! ვისაც გინდა, იმას ვეტყვი!" - მიმართა ჯაფარიძემ სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატს, პაატა მანჯგალაძეს პარლამენტში. ვიდეოს ფორმულა ავრცელებს.  

როგორც ტაბულასთან პაატა მანჯგალაძე ამბობს, ჯაფარიძესთან საუბარი უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე დაიწყო, შემდეგ კი ივანიშვილის დეპუტატმა მას ჰკითხა, თუ რატომ იცავდა მიხეილ სააკაშვილს. მანჯგალაძის სიტყვებით, ჯაფარიძეს უთხრა, რომ მასაც დაიცავდა, სააკაშვილის ადგილას რომ ყოფილიყო. საპასუხოდ, დეპუტატმა ექსპრეზიდენტზე თქვა - "მოკვდება და ძაღლი მიკვდომია სულში".  

ექიმების, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ინფორმაციით, სააკაშვილი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.  

კომენტარები