რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

G7-ის ლიდერები: პუტინს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, პასუხისგებაში მივცემთ

ვლადიმირ პუტინი

დიდი შვიდეულის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში უკრაინის მიმართ მხარდაჭერას კვლავ ადასტურებენ. 

G7-ის ლიდერებისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა 12 დეკემბერს, დისტანციურად გაიმართა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ G7 უკრაინას იქამდე დაუჭერს მხარს, რამდენი ხანიც რუსეთის ომი გაგრძელდება. ამას გარდა, შვიდეულის ლიდერები გმობენ რუსეთის იერიშებს უკრაინის კრიტიკულ, ენერგო ინფრასტრუქტურაზე. მათი თქმით, სამოქალაქო ობიექტებზე იერიშების მიტანა ომის დანაშაულია.

G7-ის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში ამბობენ, რომ მათი მიზანია, რუსეთმა უკრაინაში დაზიანებული ინფრასტრუქტურისთვის გადაიხადოს. მათივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, პასუხს აგებინებენ.

"ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ რუსეთმა მისი დაუნდობელი ომისგან დაზიანებული ან განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გადაიხადოს. ომის დანაშაულები და სხვა სისასტიკე დაუსჯელი ვერ დარჩება. ჩვენ პრეზიდენტ პუტინსა და სხვა პასუხისმგებელ პირებს პასუხისგებაში მივცემთ, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად". – წერია ერთობლივ განცხადებაში. 

G7-ის ლიდერები რუსეთის "უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას" მიუღებელს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მძიმე შედეგები მოჰყვება. 

დიდი შვიდეულის ქვეყნებია აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და იაპონია, ასევე წევრია ევროკავშირიც.

კომენტარები