ევროპარლამენტი

ევროპარლამენტმა კორუფციული გამოძიების გამო ვიცეპრეზიდენტ ევა კაილის მანდატი შეუჩერა

ევა კაილი

ევროპარლამენტმა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ კატართან დაკავშირებული კორუფციული გამოძიების გამო ვიცეპრეზიდენტ ევა კაილისთვის მანდატის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ევროპარლამენტის პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ "გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა ყველა უფლებამოსილება, მოვალეობა და ამოცანა, რაც დაკისრებული ჰქონდა ევა კაილის, როგორც ვიცეპრეზიდენტს".

მანამდე ევროპელმა პოლიტიკოსებმა კაილის გადადგომისკენ მოუწოდეს მას შემდეგ, რაც ის 10 დეკემბერს ბელგიის პოლიციამ კორუფციის ბრალდებით 3 კოლეგასთან ერთად დააკავა. 

ბელგიის პროკურატურის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დაახლოებით €600 000 ნაღდი ფული. პროკურატურის წარმომადგენლის, ერიკ ვან დუისის თქმით, გამომძიებლები ეჭვობენ, რომ კატარს ევროკავშირში პოლიტიკურად სტრატეგიული პირების მოსყიდვა სურს.

ევა კაილი, რომელიც ასევე საბერძნეთის სოციალისტური პარტიის, PASOK-ის წევრი იყო, პარტიიდან გარიცხეს. PASOK-მა ოფიციალურ განცხადებაში გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად კორუფციის ბრალდება დაასახელა. 

კაილიმ, რომელსაც კატართან მიმართებით რბილ პოზიციაში ადანაშაულებენ, ცოტა ხნის წინ, ქვეყნის შრომის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ "კატარი მუშათა უფლებების დაცვის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა". მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო მოედნის მშენებლობისას მუშათა უფლებების დარღვევის არაერთმა შემთხვევამ მთლიანი მსოფლიო შეაშფოთა. 

Politico წერს, რომ კატარის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დასავლეთის წარმომადგენლებისგან დადებითი შეფასება მაშინ, როდესაც ქვეყანას ადამიანთა უფლებების მასობრივ დარღვევაში ადანაშაულებენ. 

მეორე მხრივ, ევროპა, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ენერგორესურსების ბაზრის დივერსიფიკაცია უწევს, კატარში, რომელიც გაზის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია მსოფლიოში, პოტენციურ სტრატეგიულ პარტნიორს ხედავს.

კომენტარები