ავიაგამანადგურებლები

იაპონია, დიდი ბრიტანეთი და იტალია ავიაგამანადგურებლის პროექტზე ერთობლივად იმუშავებენ

იაპონია, დიდი ბრიტანეთი და იტალია მომავალი თაობის რეაქტიული გამანადგურებლების პროექტებს აერთიანებენ. ეს შეთანხმება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი სამრეწველო თავდაცვითი კოლაბორაციაა იაპონიისთვის, აშშ-სთან თანამშრომლობის მიღმა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და იაპონიასა და ტაივანის გარშემო ჩინეთის სამხედრო აქტივობის გაზრდის ფონზე, შეთანხმება შეიძლება იაპონიას მისი მეზობლების მზარდ სამხედრო ძალასთან შესაწინააღმდეგებლად დაეხმაროს და რეგიონში ბრიტანეთს უსაფრთხოების უფრო დიდი როლი მიანიჭოს.

„ჩვენ მზად ვართ დავიცვათ წესებზე დაფუძნებული, თავისუფალი და ღია საერთაშორისო წესრიგი, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, იმ დროს, როდესაც ეს პრინციპები სადავო, მუქარა და აგრესია კი მზარდია,” - ნათქვამია სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

რეგიონული უსაფრთხოების გაუარესების ფონზე, იაპონია ამ თვეში სამხედრო განვითარების გეგმას გამოაცხადებს, რომლის მიხედვითაც თავდაცვის ხარჯები, სავარაუდოდ, გაორმაგდება და ხუთი წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მიაღწევს.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, რიში სუნაკმა თქვა, რომ მის ქვეყანას თავდაცვის ტექნოლოგიების უახლესი ზღვარზე დარჩენა სჭირდება და რომ შეთანხმება ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

იაპონიის სამინისტროს ცნობით, ბრიტანული BAE Systems PLC (BAES.L), იაპონური Mitsubishi Heavy Industries (7011.T) და იტალიის Leonardo (LDOF.MI) იმუშავებენ თვითმფრინავზე,, რომელსაც მოწინავე ციფრული შესაძლებლობები ექნება. პროექტს, ასევე, ევროპული რაკეტების მწარმოებელი MBDA და Mitsubishi Electric Corp (6503.T) შეუერთდება.

სამ ქვეყანას ჯერ არ შეუმუშავებია დეტალები, თუ როგორ გაგრძელდება პროექტი, მათ შორის სამუშაო წილი და გეგმის განხორციელების ადგილმდებარეობა.

შეერთებული შტატები, რომელსაც პირობა აქვს დადებული სამივე ქვეყნის დაცვასთან დაკავშირებით - იტალიასა და დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში NATO-ს წევრობიდან, ხოლო იაპონიასთან უსაფრთხოების ცალკეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე მიესალმება ევროპა-იაპონიის შეთანხმებას.

„აშშ მხარს უჭერს იაპონიის უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობას თანამოაზრე მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან და იტალიასთან“, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ განცხადებაში იაპონიის თავდაცვის სამინისტროსთან.

კომენტარები