უკრაინის ცენტრალური ბანკი

უკრაინის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 25%–ზე ინარჩუნებს

Reuters

უკრაინის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 25%-ზე ინარჩუნებს, ხოლო კომერციული ბანკებისთვის სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნას 5 პროცენტული პუნქტით ზრდის. ამასთან, ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, ეკონომიკური რისკები კვლავაც აქტუალურია.

რეფინანსირების განაკვეთი უკრაინაში ივნისის შემდეგ არ შეცვლილა და იგი 25%-ს შეადგენს. ცენტრალური ბანკის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, განაკვეთის ეს დონე 2024 წლამდე შენარჩუნდება. მათივე თქმით, სამომხმარებლო ინფლაცია ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 26.6%-მდე გაიზარდა. 

კურსის უცვლელად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება, უკრაინის ცენტრალური ბანკის განმარტებით, მონეტარულ ტრანსმისიის გაძლიერებას, გაცვლითი კურსის სტაბილურობასა და ინფლაციის შესუსტებას შეუწყობს ხელს. 

ცენტრალური ბანკის განცხადებაში, რომელიც მიმდინარე წლის მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ეკონომიკური სტაბილურობის მთავარი წინაპირობა საერთაშორისო დაფინანსებაა და იგი წელს $31 მილიარდს მიაღწევს. 

"ეკონომიკური განვითარების მთავარი რისკებს რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ხანგრძლივი პერიოდი წარმოადგენს, ასევე – მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების ზრდა". – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, წელს უკრაინის მშპ 31.5%-ით შემცირდება. მისივე მოლოდინით, მომავალ წელს მშპ 4%-ით გაიზრდება, ხოლო ზრდადი ტენდენცია შენარჩუნდება. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეფასებით, წელს უკრაინის მშპ 35%-ით შემცირდება, მომავალ წელს კი ეკონომიკა დასტაბილურდება.

კომენტარები