პერუ

პერუს პრეზიდენტის მიერ კონგრესის დაშლის მცდელობის შემდეგ, ის იმპიჩმენტით გადააყენეს

პედრო კასტილიო

მას შემდეგ, რაც პერუს პრეზიდენტმა, პედრო კასტილიომ ქვეყნის კონგრესის დაშლის ბრძანება გასცა და ქვეყანა კონსტიტუციურ კრიზისამდე მიიყვანა, პერუს კონგრესმა მისი იმპიჩმენტის პროცესი ჩაატარა და კასტილიო გადაყენებულად გამოაცხადეს.

დეპუტატებმა კასტილიოს მიერ პოლიტიკური ორგანოს დაშლის მცდელობა უგულებელყვეს და იმპიჩმენტის აქამდე დაგეგმილი პროცესი ჩაატარეს. მის გადაყენებას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 10-მა თავი შეიკავა, 6 კი წინააღმდეგი იყო. საკანონმდებლო ორგანომ კასტილიოს მოვალეობის შემსრულებლად ვიცეპრეზიდენტი, დინა ბოლუარტე გამოაცხადა.

პერუს პოლიციის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჩანდა პოლიციის განყოფილებაში მყოფი ასტილიო, რომელიც მოხსენიებული იყო, როგორც "ექსპრეზიდენტი". CNN-ის წყაროები ამბობენ, რომ კასტილიო დაკავებულია. 

კასტილიომ ამ მოვლენებამდე თქვა, რომ კონგრესს დროებით დახურულად აცხადებდა, ქმნიდა "გამონაკლისის მთავრობას" და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას აჟღერებდა. ამას მნიშვნელოვანი მინისტრების გადადგომა მოჰყვა. ოპოზიციამ მოვლენებს კასტილიოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა უწოდა. პოლიციამ და შეიარაღებულმა ძალებმა პერუს უკვე ყოფილი პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ კონგრესის დაშლა არაკონსტიტუციური იქნებოდა.

კონგრესმა გასულ კვირას კასტილიო მმართველობის "მორალური უუნარობის" ბრალდებაზე საპასუხოდ მოიწვია. ოქტომბერში პერუს პროკურატურამ მის წინააღმდეგ კონსტიტუციური საჩივარი შეიტანა. კასტილიოს ბრალად სდებდნენ "დანაშაულებრივი ორგანიზაციის" ლიდერობას, სამთავრობო კავშირებით სარგებლის ნახვასა და გამოძიებებისთვის ხელის შეშლას.

კასტილიო ბრალდებებს უარყოფდა.

მას შემდეგ რაც მემარცხენე პრეზიდენტმა, რომელიც ყოფილი მასწავლებელია, მოვალეობის შესრულება 2021 წლის ივლისში დაიწყო, ის იმპიჩმენტის პროცესს ორჯერ გადაურჩა. მას შემდეგ, რაც მან კონგრესი დაშლილად გამოაცხადა, ის მოკავშირეებმა მიატოვეს, მისმა მინისტრები კი თანამდებობებიდან გადადგნენ.

კომენტარები