რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ არც წაახალისა და არც მისცა კიევს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის საშუალება – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონმა "არც წაახალისა და არც მისცა საშუალება" უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე იერიშები მიეტანა.

ბლინკენმა ისაუბრა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა კიევი აეროდრომებზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმაში დაადანაშაულა. საჰაერო ბაზები, რომლებზეც აფეთქებები მოხდა, ფრონტის ხაზიდან შორს მდებარეობენ. განსაკუთრებით შორს, ფრონტიდან, დაახლოებით, 700 კმ.-ში მდებარეობს სარატოვის ენგელსის აეროდრომი.

უკრაინას ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ გააფრთხილა აშშ და მისი მოკავშირეები, არ გადაკვეთონ „წითელი ხაზები“ უკრაინისთვის დიდი რადიუსის მქონე იარაღების მიწოდებით.

აშშ-ს ხელმძღვანელობით NATO-ს სამხედრო ალიანსმა გამორიცხა კიევისთვის ასეთი ტიპის იარაღის მიწოდება, იმ შიშით, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული შეიარაღების მქონე რუსეთთან კონფლიქტის გამწვავება.

5 დეკემბერს ორი აფეთქება მოხდა რუსეთის აეროდრომზე, რიაზანისა და სარატოვის ოლქებში. ამ ადგილებში განთავსებულია სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებიც უკრაინის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რეგულარულ სარაკეტო თავდასხმებს ახორციელებდნენ.

როგორც კრემლი ამბობს, კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა 6 დეკემბერს, კურსკის რეგიონში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება.

რუსეთის უკანასკნელი სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე 5 დეკემბერს მოხდა, როდესაც 70 რაკეტა მთელი ქვეყნის მასშტაბით სამიზნეებზე გაისროლეს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები