ევროკავშირი-უკრაინა

უნგრეთმა EU-ს მიერ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას ვეტო დაადო – Reuters

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი

უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 18 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ვეტო დაადო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

მედიის ცნობით, უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა, მიჰალი ვარგამ, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინისთვის საერთო სესხის გაცემის წინააღმდეგია. 

როგორც გამოცემა წერს, ვარგას ლიტველმა კოლეგამ მედიას განუცხადა, რომ უნგრეთის მხრიდან "ამორალურია" უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების შეჩერება. მისი თქმით, უნგრეთი ამას იყენებდა, როგორც ვაჭრობის საშუალებას, რათა სხვა წევრი ქვეყნები დათანხმდნენ ბუდაპეშტს ევროკავშირის ერთობლივი ბიუჯეტიდან მილიარდობით ევროს გადაცემაზე.

"ჩვენ კვლავინდებურად მივისწრაფვით, რომ იანვარში დავიწყოთ ჩვენი დახმარების გაცემა უკრაინისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, რომელსაც მხარს დაუჭერს 26 წევრი ქვეყანა" - თქვა ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა ზბინეკ სტანურამ.

პირველ დეკემბერს, ევროკომისიამ უნგრეთისთვის 13 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გაყინვის რეკომენდაცია გასცა. გადაწყვეტილების მიზეზი ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ შესაბამისი რეფორმების არგატარება გახდა.

ევროკომისიამ თავდაპირველად უნგრეთის პოსტპანდემიური აღდგენის გეგმა დაამტკიცა, თუმცა, ახალი რეკომენდაციის მიხედვით ქვეყანა ვერ მიიღებს 5.8 მილიარდი ევროს, სანამ არ განახორციელებს რეფორმებს სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ.

პარალელურად, კომისიამ კიდევ ერთი რეკომენდაცია გასცა, გაყინოს 7.5 მილიარდი ევრო, რომელსაც უნგრეთი მოქალაქეების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად პირდაპირ ევროკავშირის ბიუჯეტიდან იღებს, როგორც გაერთიანების შედარებით ღარიბი წევრი.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისია უნგრეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს თვეების განმავლობაში აწარმოებდა და ქვეყანაში არსებული კორუფციის მაღალ დონესთან, სასამართლოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დამოუკიდებლობისა და უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით შესაბამისი რეფორმების გატარებას მოითხოვდა.


ფინანსური დახმარების პაკეტი უკრაინას რეაბილიტაციისთვის გადაეცემა, როგორც პირველადი მხარდაჭერა ომის შემდგომი აღდგენისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. თანხა მოხმარდება რუსული აგრესიის შედეგად დანგრეულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას – ენერგო და წყალმომარაგების სისტემებს, სატრანსპორტო ქსელებს, გზებსა და ხიდებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სკოლებსა და დევნილთა საცხოვრებლებს.

ამასთან, სესხს თან ახლავს რეფორმების გატარების პირობები. კერძოდ, ანტიკორუფციული რეფორმები, სასამართლო რეფორმა, კანონის უზენაესობის პატივისცემა, კარგ მმართველობასა და ინსტიტუტების მოდერნიზება, რასაც ევროკომისია ყოველი ტრანშის წინ შეაფასებს.

კომენტარები