საქართველოს ეკონომიკა

კობახიძე ჩეხეთის ელჩზე: თუ ასე თქვა, წარმოუდგენელია, დიპლომატიური რეაგირება გვექნება

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმაურება ჩეხეთის ელჩის, პეტრ მიკისკას განცხადებას, სადაც ამბობს, რომ 2022 წელიდან ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგდა და ფიქრობს, რომ ამ ექსპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი რუსეთში მიდის.

კობახიძე ამბობს, რომ თუ "ელჩმა ასეთი რამე ნამდვილად თქვა", ამას დიპლომატიური რეაგირება მოჰყვება.

"არ ვიცი, პირველად მესმის ეს განცხადება, მაგრამ თუ ეს განცხადება გაკეთდა, მართლა წარმოუდგენელია, ასეთი განცხადებები თავის დროზე გვაქვს მოსმენილი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და მერე თვითონ მოუწიათ ამის უარყოფა და ყველამ უარყო აბსოლუტურად ასეთი რამ, თუ ასეთი განცხადება გაკეთდა. რეაგირება გვექნება. თავის დროზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებებზე და მათ მოუწიათ ამის უკან წაღება, ამ შემთხვევაშიც ასეთი რეაქცია გვექნება, თუ ეს განცხადება გაკეთდა. დიპლომატიური რა თქმა უნდა, მეტი რა უნდა გავაკეთოთ, დიპლომატიური რეაგირება ელჩის მიმართ".- ამბობს კობახიძე. 

ნეტგაზეთის ინფორმაციით, 30 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი რუსეთისა და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას კითხვაზე, – იმის ფონზე, რომ საქართველოს მთავრობამ უღალატა პარტნიორებს [სანქციებთან შეერთებაზე უარისა თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით], უნდა ელოდოს თუ არა საქართველოს მოსახლეობა რაიმე ტიპის უარყოფით შედეგებს, ელჩმა მიკისკამ განაცხადა:

“ამ წლის დასაწყისიდან,  [ჩეხეთიდან] ჩეხური პროდუქტების საქართველოში ექსპორტი გაიზარდა 80%-ით, – გასულ წელთან შედარებით. თითქმის გაორმაგდა. გასულ წელს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გავლენა იყო, უკვე რეკორდული მაჩვენებელი გვქონდა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ “საკმაოდ დარწმუნებულები ვართ, ამ ზრდის ნაწილი რუსეთში მიდის“.

თუმცაღა, მოსაზრება, რომ პროდუქტის გაზრდილი რაოდენობა ჩრდილოეთით მიდის, ჯერჯერობით დაუზუსტებელია და, ელჩ მიკისკის ინფორმაციით, საკმარისი სტატისტიკური მონაცემი არ არსებობს ამის დასადასტურებლად. 

კომენტარები