LGBTQ+ ადამიანები

ევროსასამართლომ ტრანსგენდერი კაცების საქმეში დარღვევა დაადგინა, მთავრობას €16 000-მდე დააკისრა

ნიკოლო ღვინიაშვილი

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სამი ტრანსგენდერი კაცის საქმე – ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ დასაშვებად ცნო და ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა დაადგინა.

სასამართლოს დასკვნის მიხედვით, დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი, რომელიც გულისხმობს პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას. განმცხადებლები მთავრობას კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევასაც ედავებოდნენ, თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე შინაარსობრივად მე-8 მუხლს ეხებოდა, შესაბამისად, მე-3 და მე-14 მუხლების განხილვის საჭიროება არ არსებობს. 

სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს მე-8 მუხლის შემდეგ შემოკლებულ ამონარიდებს:   

"1. ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი... ცხოვრება... 2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში... საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკურიკეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად... სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად".

სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი ორმა ტრანსგენერმა კაცმა, ა.დ.-მ და ა.კ.-მ 2017 წელს გაგზავნა, 2019 წელს კი მათ საჩივარს მესამე ტრანსგენდერი კაცი, ნიკოლო ღვინიაშვილი დაემატა. 

განმცხადებლები ითხოვდნენ, რომ მათი გენდერი სამართლებრივად ეღიარებინათ და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის გრაფაში ჩაწერილიყო კაცი. ეროვნულ სასამართლოში სქესის აღიარების წინაპირობად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას ითხოვდნენ. 

ECHR-მა ტრანსგენდერი კაცის სქესის სამართლებრივ აღიარების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საკუთარ დასკვნაში ხაზს უსვამს, საქმეში მთავარი პრობლემაა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში სქესის შეცვლის სამართლებრივი ნორმები არ არის ზუსტად დადგენილი.

"თუმცა, მოცემულ საქმეში მთავარი პრობლემა ის არის, რომ სრულიად გაუგებარია, როგორია რეალურად საქართველოში სქესის/გენდერის ნიშნის შეცვლის სამართლებრივი რეჟიმი. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა კანონმდებლობაში არსებობს დებულება, რომელიც პირს სამოქალაქო სტატუსის ჩანაწერებში სქესის/გენდერის ნიშნის შეცვლის უფლებას აძლევს, კანონი არაფერს ამბობს, რა პირობები და გარემოებები უნდა შესრულდეს, საჭიროა თუ არა გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სამედიცინო პროცედურები". – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 

სტრასბურგი ხაზს უსვამს, რომ მთავრობამ უპასუხოდ დატოვა სასამართლოს კითხვები, თუ ზუსტად რა სახის სამედიცინო პროცედურებია საჭირო, რათა გენდერი სამართლებრივად აღიარონ.

"[სტრასბურგის] სასამართლომ დაადგინა, რომ [საქართველოს] შიდა კანონმდებლობა და პრაქტიკა საჭირო სამედიცინო პროცედურების ზუსტი სახის ინდიკატორს არ იძლევა". – წერია გადაწყვეტილებაში.

"სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავრობა დაჟინებით ამტკიცებდა, რომ გამოთქმა "სქესის შეცვლა" სამოქალაქო აქტის 78-ე (ზ) პუნქტი უნდა შეფასებულიყო "ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური და/ან ანატომიური კრიტერიუმებით". თუმცა, საკანონმდებლო განმარტების არარსებობის გათვალისწინებით, გაუგებარია, რას ეფუძნება მათ მიერ კანონის ასე კითხვა". – ასევე ხაზგასმულია გადაწყვეტილებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას სამი განმცხადებლიდან თითოეულისთვის 2 000 ევროს გადახდა დაავალდებულა. ამას გარდა, ნიკოლო ღვინიაშვილისთვის, საჩივრის შეტანასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის, დამატებით 9 812 ევროს გადახდა დაეკისრა.

კომენტარები