რუსული ოკუპაცია

სუს: ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია.

გიორგი ჯარმელიშვილი საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ის ამ დროისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

"უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად". - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები